ბრიტანეთი სანქციებს დაუწესებს ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევის ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევების უკან მდგარ 49 ორგანიზაციასა და პირს, მათ შორის, რუსეთის 25 მოქალაქეს.
სანქციების სამიზნე 2009 წელს რუსი იურისტის, სერგეი მაგნიტსკის მკვლელობის საქმეში ჩართული პირები გახდნენ. ოფიციალური უწყებების განცხადებით, სანქციების შედეგად კონკრეტულ პირებს აეკრძალებათ ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა. მასათანავე, ხელისუფლება ბრიტანეთში მათ ფინანსურ აქტივებსაც გაყინავს.
სანქციები მიემართება, აგრეთვე, 2018 წელს არაბი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეში ჩართულ მაღალჩინოსნებს.
სანქცირებულ პირებს შორის არიან: რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ბასტრიკინი, ასევე საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის ყოფილი თავმჯდომარე ოლეგ ლეონიდოვიჩი, რუსეთის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ვიქტორ იაკოვლევიჩი და მაგნეტსკის საქმეში ჩართული სხვა თანამდებობის პირები, მათ შორის, რამდენიმე მოსამართლე.
წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლის დროს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, დომინიკ რააბმა სანქცირებულ პირებს „დესპოტების მოკავშირე ბანდიტები” და „დიქტატორთა დამქაშები” უწოდა.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ბრიტანეთი აღნიშნული გადაწყვეტილების გამო შეაქო და განაცხადა, რომ ეს „ბრიტანეთის სანქცირების პოლიტიკასა და აშშ-ბრიტანეთის თანამშრომლობაში ახალი ეპოქის დაწყების ნიშანია”.
გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდგომ რუსეთის საელჩომ ბრიტანეთში განაცხადა, რომ რუსეთი უფლებას იტოვებს, უპასუხოს ამ „არამეგობრულ” გადაწყვეტილებას, რომელიც, მათი თქმით, დააზიანებს რუსეთ-ბრიტანეთის ურთიერთობებს.
დღეს კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ბრიტანეთის მიერ 25 რუს მაღალჩინოსანზე სანქციების დაწესებას შემხვედრი ნაბიჯებით უპასუხებს.