ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „რუსნეფტს“, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ოქტომბერში საქართველოში ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა.
დღეს, 18 დეკემბერს გამოქვეყნებული სანქციები შეეხება 24 ფიზიკურ და იურიდიულ პირს რუსეთიდან.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, სანქციები დაუწესეს უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიებს, Tatneft-ს, Russneft-ს, Rusneftegaz-სა და HNK-Oil-ს.
ბრიტანეთი წერს, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებულ, კონტროლირებულ, ჩარტერულ ან მართულ გემებს ეკრძალებათ დიდი ბრიტანეთის პორტში შესვლა; გემებს შესაძლოა ეცნობოთ, რა მიმართულებით შეუძლით გადაადგილება. შეიძლება, ისინი გააჩერონ და დააკავონ. გემს არ ექნება გაერთიანებული სამეფოს გემების რეესტრში რეგისტრაციის უფლება, ან შესაძლოა გაუქმდეს მიმდინარე რეგისტრაცია.
პირის საკუთრებაში არსებულ, ჩარტერულ ან მის მიერ მართულ თვითმფრინავებს არ აქვთ დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში ფრენის ან დაშვების უფლება. თვითმფრინავს შეიძლება ეცნობოს, საით შეუძლია გადამისამართება. შესაძლოა, ის გააჩერონ ან გადაიყვანონ კონკრეტულ აეროპორტში. თვითმფრინავს არ ექნება CAA-ს რეესტრში რეგისტრაციის უფლება, ან შესაძლოა გაუქმდეს მიმდინარე რეგისტრაცია.
ბრიტანეთი წერს, თვითმფრინავებთან ან გემებთან დაკავშირებით ტექნიკური დახმარების გაწევა დაუშვებელია.
21 ოქტომბერს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსულმა ნავთობკომპანია „რუსნეფტმა“ საქართველოში, ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა. კერძოდ, გამოცემის თანახმად, ტანკერმა „კაისერიმ“ 6 ოქტომბერს შავი ზღვის ნოვოროსიისკის პორტიდან ყულევის ნავთობტერმინალში 105 340 ტონა ციმბირული მსუბუქი ნავთობი შემოიტანა.
ინფორმაცია, რომ ყულევის ნავსადგურში რუსეთიდან შემოვიდა თბომავალი KAYSERI, იმავე დღეს დაადასტურა შემოსავლების სამსახურმა.
უწყებამ განაცხადა, რომ ხომალდი დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი.
თუმცა, შემოსავლების სამსახურმა არ დაასახელა, რომელი კომპანიის ნავთობია ხომალდზე – „თავი შეიკავა საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან”.
ყულევის ნავთობტერმინალმა მუშაობა 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო.
ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია ერთი წლით ადრე, 2024 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა.
2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ყულევის ქარხნის ოპერატორი და პროექტის ავტორი არის კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“, რომლის დამფუძნებელიც მაკა ასათიანია
BMG-ის თანახმად, ბიზნესრეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია შპს „ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანიის გენერალური დირექტორი ვახტანგ ჩახნაშვილია, ხოლო დირექტორი – მიხეილ ჭკუასელი. შპს „ბლექ სი პეტროლიუმ”-ში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს. უშუალოდ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანია, 10%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის, 20% კი შპს „თრეიდ სთოუნ იბერია”-ს.