ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა GRU-ს დანაყოფებს მათ შორის საქართველოში კიბერთავდასმისთვის

პუბლიკა

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა GRU-ს (რუსეთის საერთო სადაზვერვო სამმართველო) 3 დანაყოფს და სამხედრო დაზვერვის 18 ოფიცერს როგორც უკრაინაში, ისე 2018 წელს საქართველოში განხორციელებული კიბერთავდასხმისთვის.

ბრიტანეთის განცხადების, თანახმად, GRU-ს ქვედანაყოფმა 74455 2018 წელს მასშტაბური კიბერთავდასხმა განახორციელა საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და მაუწყებლების ვებგვერდებზე. ბრიტანეთმა ეს ქმედება აღნიშნულ ქვედანაყოფს 2019 წელს დაუკავშირდა.

ბრიტანეთის თანახმად, სანქცირებულები არიან:  GRU-ს ხელმძღვანელი პირები: დიმიტრი მიხაილოვი, ალექსეი მორენეცი, სერგეი მორგაჩოვი, ვიქტორ ნეტიკშო, ევგენი სერებრიაკოვი, იური შიკოლენკო.

ასევე სანქცირებულები არიან ალექსეი ლუკაშევი, ივან ერმაკოვი და GRU-ს 26165-ე დანაყოფი. მათი სანქცირება უკავშირდება იულია სკრიპალის კუთვნილი ელექტრონული ფოსტის ანგარიშებზე თავდასხმას 2013 წელს.

დიდი ბრიტანეთი ხაზს უსვამს GRU-ს 26165-ე დანაყოფის როლს მარიუპოლისა და ხარკივის მოქალაქეთა თავშესაფრების შესახებ ონლაინ დაზვერვის ჩატარებაში 2022 წლის 15 მარტს. 2022 წლის 16 მარტს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლის თეატრზე საარტილერიო დარტყმები განახორციელეს. შედეგად დაიღუპა თავშესაფარში მყოფი ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები.

ბრიტანეთი აღნიშნავს, რომ GRU-ს დანაყოფმა 74455 გამოიყენა მავნე პროგრამები მონაცემთა წაშალელად 2018 წელს სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს, ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩასატარებლად საჭირო კომპიუტერებისა და ქსელების საბოტაჟის მიზნით. ბრიტანეთმა საბოტაჟი 2018 წელსვე მიაწერა რუსეთს.

იმავე ქვედანაყოფმა მასშტაბური კიბერთავდასხმა განახორციელა უკრაინულ მობილურ ოპერატორ Kyivstar-ze 2023 წელს. შედეგად, 24 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა დაკარგა ტელეკომუნიკაციებზე წვდომა, რაც რუსეთს საომარი ოპერაციების ჩატარებაში დაეხმარა.

დიდი ბრიტანეთი განცხადებაში საუბრობს სხვა კიბერთავდასხმებზე უკრაინაში, რომლებიც GRU-ს სანქცირებულ ქვედანაყოფებთან არის დაკავშირებული.

გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „აფრიკულ ინიციატივას”, რომელიც ასევე რუსული პროექტია – არის რუსული გამოცემა, რეალურად კი რუსული სადაზვერვო პროექტი, რომელიც გამოიყენება აფრიკაში რუსული გავლენების გასაძლიერებლად.