დიდი ბრიტანეთი რუსული პროპაგანდისტული მედიისა და მათი წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესებას აგრძელებთ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „სამიზნე რუსი პროპაგანდისტები და ის სახელმწიფო მედიაა, რომელიც უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის შესახებ ტყუილებს ავრცელებს“. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთში ცნობილი სატელევიზიო წამყვანი, ბრილევი და სპუტნიკის საერთაშორისო მაუწყებლობის ხელმძღვანელი, ანტონ ანისიმოვი.
ბრილევი ასევე ერთ-ერთი რუსული პროპაგანდისტული მედიის აღმასრულებელი დირექტორია. მას დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამართლებაში ადანაშაულებს.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ბრილევი ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში და სანქციების შემდეგ მას აღარ შეეძლება, გააგრძელოს ბიზნესსაქმიანობა ბრიტანეთში.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსული სამაუწყებლო კომპანიის RT-ის მმართველი დირექტორი, ალექსეი ნიკოლოვი და გაზპრომ-მედია ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ჟაროვი.
სანქციები აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას ეხება. სანქციები ასევე ეხება მედია სახლებს Rossiya Segodnya-სა და RT-ის მფლობელობაში შემავალ TV-Novosti-ს.
„პუტინის ომი უკრაინაში დაფუძნებულია ტყუილების ნიაღვარზე. ბრიტანეთი ხელს უწყობს მსოფლიოს, ამხილოს კრემლის პროპაგანდა და დეზინფორმაცია და ეს უკანასკნელი სანქციები ებრძვის სამარცხვინო პროპაგანდისტებს, რომლებიც აძლიერებენ პუტინის ცრუ ამბებსა და ნარატივებს მედიებში“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.