ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

პუბლიკა

დღეს გაერთიანებულ სამეფოში ახალ პარლამენტს აირჩევენ. 6-კვირიანი წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ დაიკავებს თემთა პალატაში ადგილებს და შესაბამისად, რომელი პარტია დააკომპლექტებს მთავრობას.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათამდე გაგრძელდება. კენჭისყრის დაწყებისთანავე იწყება ხმების დათვლის პროცედურა, რის საფუძველზეც ეგზიტპოლები გამოქვეყნდება. პირველადი მონაცემები, სავარაუდოდ, ცნობილი იქნება 23:00 საათზე, ხოლო სრული სურათი – ხვალ, დილის 09:00 საათისთვის.

ვადამდელი არჩევნები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა 22 მაისს მას შემდეგ ჩანიშნა, რაც პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. არჩევნების შედეგებში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რამდენ ადგილს მოიპოვებს თითოეული პარტია.

გაერთიანებულ სამეფოში თემთა პალატა ერთადერთი არჩევითი ორგანოა. პარლამენტში 650 ადგილია, მათგან 543 – ინგლისში, 57 – შოტლანდიაში, 32 – უელსში, ხოლო 18 – ჩრდილო ირლანდიაში. პარტიას უმრავლესობის მოსაპოვებლად 326 ადგილი სჭირდება.

საერთაშორისო მედიების პროგნოზით, რომელიც წინასაარჩევნო კვლევებსა და ექსპერტების მოსაზრებებს ეყრდნობა, მოსალოდნელია, დასრულდეს კონსერვატორების 14-წლიანი მმართველობა და უმრავლესობა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ დაიკავოს – გამოკითხვებით, „ლეიბორისტების ლიდერი“, კირ სტარმერი რეიტინგით უსწრებს მოქმედ პრემიერს, რიში სუნაკს.