ბრიტანეთში საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 150 ადამიანი დააკავეს

პუბლიკა

ორშაბათს Downing Street-ში საგანგებო რეაგირების შეხვედრა გაიმართება – შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს ქალაქებში საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაინიშნა, რომლის დროსაც 150 ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილეები როტერჰემი თავს დაესხნენ სასტუმროს, რომელიც თავშესაფრის მაძიებლებითაა დასახლებული. ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ეს თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ მასში მონაწილე პირები კანონის „სრული სიმკაცრით” დაისჯებიან.

„ამ ქვეყნის მოსახლეობას უფლება აქვს იყოს უსაფრთხოდ, თუმცა ვნახეთ, მუსლიმი თემის წარმომადგენლები როგორ გახდნენ სამიზნეები, ვნახეთ თავდასხმები მეჩეთებზე, თავდასხმები პოლიციაზე, ძალადობა რასისტულ რიტორიკასთან ერთად. ამიტომ, არ მოვერიდები ვთქვა, რომ ეს არის ულტრამემარჯვენე ხულიგნობა”, – განაცხადა მან.

Downing Street-ში შეხვედრა საპროტესტო აქციების დაწყებიდან მეექვსე დღეს ჩაინიშნა – საგანგებო რეაგირების შეხვედრის დროს იკრიბებიან მინისტრები, საჯარო მოხელეები, სამართალდამცველები და დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები, რათა არსებული გამოწვევის ირგვლივ იმსჯელონ.

გასულ კვირას დიდ ბრიტანეთში შეიარაღებული პირი ცეკვის გაკვეთილზე მყოფ ბავშვებს დაესხა თავს, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი დაიღუპა. საპროტესტო ტალღა მოჰყვა გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომ თავდამსხმელი მუსლიმი მიგრანტი იყო. როგორც სამართალდამცველებმა აღნიშნეს, 17 წლის ბრალდებული, აქსელ რუდაკუბანა ბრიტანეთში დაიბადა, თუმცა ინფორმაციის დადასტურების მიუხედავად მიგრანტების საწინააღმდეგო დემონსტრაციები გაგრძელდა.