ბრიუსელში დელეგაციას პირადად მე ვუხელმძღვანელებ, მინისტრებიც იქნებიან - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართება ბრიუსელში, დელეგაციის შემადგენლობას კი თავად უხელმძღვანელებს.

დელეგაციაში ეკონომიკის და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ისაუბრებენ ყველა იმ პროგრესსა და რეფორმაზე, რომელზეც ახლა მუშაობს მთავრობა.

„დღეს ჩვენ მივემგზავრებით ბრიუსელში. მოგეხსენებათ, რომ ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართება ბრიუსელში. დელეგაციას პირადად მე ვუხელმძღვანელებ, მინისტრებიც იქნებიან, ბატონი ეკონომიკის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება საუბარი ყველა იმ პროგრესზე და რეფორმაზე, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ.

ასევე, ბუნებრივია, გვექნება საუბარი იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პარლამენტში ჩვენი, მმართველი პარტიის მიერ და რა თქმა უნდა, საუბარი ასევე შეეხება ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციას, როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურს, ზოგადად, რეგიონში არსებულ გამოწვევებს უკრაინის ომთან დაკავშირებით და მის შესაძლო გავლენას, ზოგადად, მთელ რეგიონსა და ევროპაზე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, დეტალურად წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ჩვენ მიერ მიღწეულ პროგრესს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.