ბრიუსელში საგანგებო სამიტზე ევროპელი ლიდერები შეიკრიბნენ.
ბრიუსელშია ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც მათ მადლობა გადაუხადა მხარდაჭერის „ძლიერი სიგნალისთვის“.
„მთელი ამ დროის განმავლობაში და გასულ კვირას თქვენ ჩვენთან იყავით. ჩვენ მარტო არ ვართ და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ჩვენ ამას ვგრძნობთ. თქვენ ძლიერი სიგნალი გაუგზავნეთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ამას ვაფასებთ“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან ერთად წარსდგა.
„ეს ევროპისთვის წყალგამყოფი მომენტია, უკრაინა კი ამ ოჯახის ნაწილია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, „განსაკუთრებული დრო მოითხოვს განსაკუთრებული ზომების მიღებას. ევროპამ უკრაინა ისე უნდა გააძლიეროს, რომ მან თავისი თავის დაცვა შეძლოს და ხელი შეუწყოს ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას“.
ანტონიო კოშტას განცხადებით კი, „დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია“ ევროპული უსაფრთხოების შენებისთვის.
„შეხვედრა, რომელიც წინა თვეში გაიმართა, „ბრეინშტორმინგს“ დაეთმო, დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, – თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ კი განაცხადა, რომ დღეს „იმაზე ოდნავ უფრო უხეში იქნება, ვიდრე ჩვეულებრივ არის ხოლმე“.
„ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია ფეხზე დგომა და ჩადოს ფული სიტუაციის გამოსასწორებლად“, – თქვა მეცოლამ.
უკრაინა დღევანდელი სამიტის მთავარი თემაა, თუმცა, ევროპის ლიდერები ასევე განიხილავენ ესტონეთთან დაკავშირებულ საკითხს. კერძოდ, რა შეუძლია რუსეთის მოსაზღვრე ესტონეთს გააკეთოს თავისი უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა თქვა, რომ „ახალი ინიციატივის ფარგლებში განიხილება მსურველთა კოალიციის შექმნის შესაძლებლობა, რათა ერთმა ქვეყანამ ვერ დაბლოკოს დანარჩენი“.
„მე არ ვილაპარაკებ უნგრეთის სახელით, ჩვენ კვლავ ვცდილობთ, რომ 27 ლიდერის ერთობა გვქონდეს და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ უნგრეთს შეუძლია, თავისი სახელით ილაპარაკოს“, – განაცხადა კაია კალასმა.
4 მარტს Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის $21 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი.