ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს „საქართველოში კორუფციისა და ბოროტი გავლენების მთავარი კვანძის” პრობლემის მოსაგვარებლად ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ინდივიდუალური დასანქცირებისკენ მოუწოდებს.
კომისია აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ უნდა ზღუდავდნენ ქართველი ხალხის ნებასა და თავისუფლებას.
26 ივლისით დათარიღებულ წერილს ხელს აწერენ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი ჯო უილსონი, დემოკრატი სტივ კოენი, რესპუბლიკელი რიჩარდ ჰადსონი და დემოკრატი მარკ ვისი.
„მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რომ დავიწყოთ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების ამოქმედების პროცესი საქართველოში კორუფციისა და მავნე გავლენის ძირითადი კვანძების წინააღმდეგ, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ. ცხადი უნდა იყოს, რომ კორუფციისა და მავნე გავლენის მთავარი აგენტები საქართველოში, ანტიდასავლურ ელემენტებთან ერთად, ვერ იქნებიან თავისუფალნი ქართველი ხალხის ნებისა და მათი დემოკრატიული მისწრაფებების შეზღუდვაში. მდივნის თანაშემწის მოადგილის, ბატონი ჰაკის, კონგრესის საგარეო საქმეთა ევროპის ქვეკომიტეტის წინაშე გაკეთებული ჩვენებიდან, მისი სიტყვების პერიფრაზი რომ მოვახდინოთ, „ყველა ინსტრუმენტი მაგიდაზეა. ახლა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ისინი“, – ნათქვამია წერილში.
გარდა ამისა, წერილში საუბარია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში არსებულ ე.წ. ქოლცენტრებზე, რომლებიც, კონგრესმენების თქმით, „არის შავი ფულის წყარო, რომელიც მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ გავრცელებად და მავნე მფარველობის სისტემას” და ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების წევრების, აქტივისტების, ოპოზიციისა და მათი ოჯახის წევრების შევიწროებასა და დაშინებას ემსახურება.
„გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ შავი ფულის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც მხარს უჭერს „ქართული ოცნების” გავრცელებულ და მავნე მფარველობის სისტემას, მოდის „თაღლითური” სატელეფონო ცენტრებიდან მთელ მსოფლიოში, რომელთაგან ზოგიერთი მდებარეობს მეგობარ ქვეყნებში, რომლებიც ძირითადად ფუნქციონირებს თაღლითური და უკანონო საქმიანობის საფუძველზე.
ეს ქოლცენტრები, როგორც ჩანს, წარმოადგენს თანამშრომლობის კვანძებს საქართველოში კორუმპირებულ აგენტებს შორის, ისევე როგორც მათ სხვა კლეპტოკრატ კოლეგებს შორის რუსეთში, და სავარაუდოა, რომ იგივე ქოლცენტრები სხვადასხვანაირად მობილიზებული იყო ბოლო თვეებში, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წევრების, დემოკრატიის აქტივისტების, პოლიტიკური ოპოზიციისა და მათი ოჯახის წევრების შევიწროებისა და დაშინებისთვის.
უკანონო გამდიდრება ასევე წარმოადგენს სხვადასხვა კორუფციულ ქსელებს საქართველოში, რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ და ხელს უწყობს პოლიტიკური ეკონომიკის შემაშფოთებელი სისტემის შენარჩუნებას, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში ბოლოდროინდელ ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ პროცესებს. ასევე სავარაუდოა, რომ იგივე ქსელები წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, რომელიც კვებავს რუსულ კორუმპირებულ ქსელებს და იძლევა სანქციების თავიდან აცილებისთვის შესაძლებლობებს“, – წერენ კონგრესმენები.
როგორ წერილშია ნათქვამი, კონგრესმენებს მიაჩნიათ, რომ „უმოკლეს ვადაში, აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-სთან და მეგობარ უცხოურ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, მიიღოს სწრაფი, დაუყოვნებელი და სისტემატური ზომები ამ სატელეფონო ცენტრის ქსელებისა და სხვა მსგავსი საშუალებების წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე, რათა გაანადგუროს ან ჩაშალოს მათი ოპერაციები“.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს ქმედებები იქნება, ჩვენი კანონპროექტის, „მეგობარი“ აქტის მტკიცე შემავსებელი. ეს კანონმდებლობა ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პრაქტიკის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დაუპირისპირდეს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენებს“, – აღნიშნულია წერილში.