ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გახდა ტიტე აროშიძე, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია და ახალი მოწვევის საბჭოში საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.
ფარულ კენჭისყრაში მან აკადემიური საბჭოს 10 წევრის მხარდაჭერა მიიღო. ერთი ხმა გაბათილდა.
სხდომის პარალელურად სტუდენტების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავდა. ისინი უნივერსიტეტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის არჩევას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ის სუს-ის მიერაა დასმული.
ბსუ-ში ხმაური იყო. ტიტე აროშიძის მხარდასაჭერად, სტუდენტების თქმით, პარტაქტივი მიიყვანეს.
კონკურსში 2 ადამიანი მონაწილეობდა: ტიტე აროშიძე და – არჩილ გუჩმანიძე.
17 იანვარს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, არჩილ გუჩმანიძე ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობდა – მან „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ბსუ-ის რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირდა რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამოც, რომ „უნივერსიტეტი ურთულეს მდგომარეობაშია და არის რისკი, გადაიქცეს პარტიულ სტრუქტურად, დაკარგოს აკადემიური და საგანმანათლებლო თავისუფლება, კრიტიკულად შემცირდეს ან საერთოდ განულდეს საერთაშორისო გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები, ერთობლივი სამეცნიერო პროექტები, გრანტები და სხვა”.
მისივე თქმით, ამ პოსტის გამოქვეყნებიდან 3 საათში დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ „ზევიდან” ითხოვენ, ბსუ-ს კანდიდატად რეგისტრაცია გააუქმოს, ან არჩევნებში მონაწილეობა შეუმჩნევლად მიიღოს, წაშალოს პოსტები და სხვა.