ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, არჩილ გუჩმანიძე ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს.
გუჩმანიძემ დღეს, 17 იანვარს „ფეისბუქზე” დაწერა, რომ ბსუ-ის რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირდა რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამოც, რომ „უნივერსიტეტი ურთულეს მდგომარეობაშია და არის რისკი, გადაიქცეს პარტიულ სტრუქტურად, დაკარგოს აკადემიური და საგანმანათლებლო თავისუფლება, კრიტიკულად შემცირდეს ან საერთოდ განულდეს საერთაშორისო გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები, ერთობლივი სამეცნიერო პროექტები, გრანტები და სხვა”.
მისივე თქმით, ამ პოსტის გამოქვეყნებიდან 3 საათში დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ „ზევიდან” ითხოვენ, ბსუ-ს კანდიდატად რეგისტრაცია გააუქმოს, ან არჩევნებში მონაწილეობა შეუმჩნევალდ მიიღოს, წაშალოს პოსტები და სხვა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში პრობელემები გექნებაო, შენ ან შენო ოჯახის წევრებსო”.
გუჩმანიძე ამბობს, რომ მოთხოვნების შესრულებისთვის ვადა 17 იანვრის საღამომდე მისცეს, თუმცა, ამას არ გააკეთებს.
„დღეს საღამოს მივიღე გადაწყვეტილება და ვეუბნები ქოცებს: გელოდებით 21 იანვარს, 14 საათზე რექტორის არევნებზე, ვთხოვ მედიებს, დეტალურად გააშუქეთ პროცესი, ლაივში გადაეცით კანდიდატების გამოსვლა. არჩევნების დასრულების შემდგომ მომეცით საშუალება, გავაკეთო კომენტარი, ბევრ საინტერესო რაღაცეებს გიამბობთ. ვთხოვ ყველა ბსუ-ელს, აკადემიურ პერსონალს დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, უნივერსიტეტს ვკარგავთ! უნივერსიტეტს გვართმევენ”- დაწერა გუჩმანიძემ.
მან ასევე გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა, უახლოეს დღეებში პროვოკაციები მოუწყონ.
„ჩემთან მოდით, მზად ვარ, ოჯახს თავი დაანებეთ.
მინდა გავაფრთხილო „იცის, ვინც” – ჩემს ოჯახის რომელიმე წევს თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს… იცი, ამას არავის არ შევარჩენ”. – წერს არჩილ გუჩმანიძე.
ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორობის მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობს: არჩილ გუჩმანიძე და ტიტე აროშიძე. აროშიძე „ქართული ოცნების” წევრია.
ბსუ-ს არჩევნები ფარული კენჭისყრით 21 იანვარს, 15:00 საათზე ჩატარდება. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. საბჭოში სულ 11 წევრია, შესაბამისად, კანდიდატმა მათგან მინიმუმ 6-ის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.