ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის/ BSU-ს სტუდენტები უერთდებიან ქართველი ხალხის პროტესტს და გაფიცვის უფლების ფარგლებში არ გამოცხადდებიან აუდიტორიებში.
„მიგვაჩნია, რომ ახლა ყველაზე დიდი გაკვეთილი რუსთაველის გამზირზე ტარდება… არ შეიძლება მშვიდად ვუყურებდეთ სახელმწიფოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას, კრიტიკულ აზრზე სასტიკი მეთოდებით გასწორებასა და მუქარის ზარებს.
ამრიგად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / BSU სტუდენტები ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და ვაცხადებთ, რომ გაფიცვის უფლების ფარგლებში არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში.
მოვუწოდებთ სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებს, საჯარო მოხელეებს, ახალგაზრდებსა და ზოგადად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ ვისაც ადარდებს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ვინც გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და მუქარის ზარებს – დადექით ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის, ენის, მამულის, სარწმუნოებისა და ქართველი ხალხის ერთობის სადარაჯოზე!“, – ნათქვამია უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებაში.