ბუაძე: „გორბი“ ოქროყანაში უკანონო მშენებლობას აწარმოებს“

პუბლიკა

საკრებულოს წევრმა საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ოქროყანაში, სააგარაკე ტერიტორიაზე შპს „ვილა ოქროყანა“ მრავალბინიან შენობას აშენებს, მისი მესაკუთრე კი, 33%-იანი წილით, რეიტინგების მთვლელი კომპანია „გორბი ევრაზიაა“. ბუაძის თქმით, მშენებლობა უკანონოა და მერია მას ხელს აფარებს.

„მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია მორიგი უკანონო მშენებლობის შესახებ. ამ უკანონო მშენებლობას აწარომებს „ოცნების“ რეიტინგების მთვლელი კომპანია „გორბი“ და თბილისის მერია ამ კომპანიის მიერ წარმოებულ უკანონო მშენებლობას პირდაპირ აფარებს ხელს.

ოქროყანაში, სადაც „ვილა ოქროყანა“ აშენებს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, იქ, სადაც მხოლოდ აგარაკებია და იცით, რომ ეს არის სააგარაკე ტერიტორია, უნიკალური ფიჭვნარითაა შემოფარგულული, ეს კომპანია აშენებს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, რაც არანაირად არ ჯდება არც ერთ სამშენებლო და მუნიციპალურ რეგულაციაში.

ამ კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო მუნიციპალური ინსპექციისგან ბრძანება მშენებლობის შეჩერების შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, „ოცნების“ მიერ გაწეული სამუშაოსთვის ეს კომპანია დაჯილდოვდა და მიეცათ ამ უკანონო მშენებლობის გაგრძელების უფლება. ეს არის კალაძის აღვირახსნილი ურბანული პოლიტიკის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო მაგალითი“, – განაცხადა ბუაძემ.

საკრებულოს წევრმა მიმართა მუნიციპალურ ინსპექციას, ხელახლა დაინტერესდნენ ამ მშენებლობით, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რატომ გაუქმდა შეჩერების ბრძანება.

„პუბლიკა“ ინფორმაციის გადასამოწმებლად მუნიციპალურ ინსპექციას დაუკავშირდა, საიდანაც გვაცნობეს, რომ ობიექტს ჰქონდა დარღვევა, რის საფუძველზეც მართლაც შეჩერდა მშენებლობა, თუმცა მათ ეს დარღვევა გამოასწორეს. ამის მიუხედავად, მშენებლობა შეჩერებულია, რადგან არქიტექტურის სამსახურისგან მიღებულ ნებართვას ვადა აქვს გასული, ახალი ნებართვა კი არ გაუციათ.

2021 წელს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაასაჯაროვა დოკუმენტები, რომლის მიხედვით, ადგილზე, სადაც შენობა შენდება, წითელ ნუსხაში შეტანილი ელდარის ფიჭვები გაჩეხეს. მათივე ცნობით, ადგილზე 3-ვარსკვლავიანი სასტურმო შენდება, თუმცა დოკუმენტების არსებობის მიუხედავად, ეს ინფორმაცია კომპანიის დირექტორმა ტელეკომპანიასთან უარყო.