ბუაძე: მე და ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რამაზ მანდარიას ორი პირი თავს მოულოდნელად დაგვესხა

პუბლიკა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ვაჟა-ფშაველაზე, საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს უცნობი პირები დახვდნენ, რომლებიც დანითა და ქვებით იყვნენ შეიარაღებულები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბარში საბა ბუაძე ამბობს, რომ მას და ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რამაზ მანდარიას ორი პირი თავს მოულოდნელად დაესხა.

მისივე თქმით, თავდამსხმელებმა თავდაპირველად მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი რამაზ მანდარიას სახეში ჩანთა გაარტყეს.

„ქუჩაში მიმავალ ორ ადამიანს სიტყვიერი შეურაცხყოფით შემოგვხვდა და ფაქტობრივად, თავს დაგვესხა ორი ადამიანი. გინებით, ჩემი სახელის და გვარის ხსენებით შემოგხვდა ეს ორი ადამიანი, როცა ჩვენგან პასუხი მიიღეს, ეს ყველაფერი უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, სადაც იყენებდნენ ქვებს.

ჩვენი საბურთალოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რამაზ მანდარიას ესროლეს ქვა. ერთ-ერთ თავდამსხმელს დანა ჰქონდა, რაც ასევე ვიდეოზეა აღბეჭდილი, ამავე ვიდეოში ისმის ძალიან კარგად, როგორ მემუქრება გვარით ეს ადამიანი. მათ შესაბამისი პასუხი მიიღეს, ისევე, როგორც ამ სამარცხვინო, ძალადობრივი გარემოს შემქმნელები ამ ქვეყანაში შესაბამის პასუხს მიიღებენ საზოგადოებისგან იმ ყველაფრისთვის, რასაც ამ ქვეყანას უკეთებენ. ჩვენი მათთან გადაკვეთა, თუ შეხვედრა, პირდაპირ ჩემი სახლის და გვარის ხსენებით და გინებით დაიწყო.

შტაბში გვქონდა შეხვედრა, დასრულების შემდეგ ჩვენ, ორი გამოვედით და მაშინ გაგვიარა გვერდით ამ ორმა ადამიანმა. რამაზ მანდარიას დაზიანებები აქვს სახეზე, ერთ-ერთმა ჩანთაც მოარტყა. პოლიცია ახლა მოვიდა, ჯერჯერობით იმ თავდამსხმელებთან ატარებდნენ დროს, მათ ჰკითხავდნენ, არ გაქცეულან. ეს ადამიანები ვიდეოზე არიან აღბეჭდილი და ამოცნობის სურვილის შემთხვევაში, ძალიან მარტივადაა შესაძლებელი მათი ვინაობის და შემთხვევის გარემოებების დადგენა, მაგრამ პოლიციას ცხადია, არანაირი ინტერესი არ გააჩნია, რადგან პოლიცია ხელისუფლებასთან შეზრდილი მხარეა, რომელიც ახალისებს და ხელს აფარებს ძალადობას. არ გამიკვირდება, რომ ეს ადამიანები დაზარალებულად გამოაცხადონ და თავდამსხმელებად ჩვენ, იმ ქვეყანაში, სადაც ყოველდღე ასეთი აბსურდი ხდება“, – განაცხადა ბუაძემ „ინტერპრესნიუსთან”.

„ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში დანის ფოტო გაავრცელა, რომელიც, მისი თქმით, საბა ბუაძეზე თავდამსხმელს დაუვარდა ხელიდან.