ბუბისწყლის ხეობაში 500 000 მ³ კლდეზვავური მასა ჩამოიშალა – გარემოს ეროვნული სააგენტო

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტო სატელიტურ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასა ჩამოიშალა. სააგენტოს განცხადებით, სატელიტური სურათები აღწერს და ადასტურებს, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება. განცხადების მიხედვით, ამას ადასტურებენ სააგენტოს სპეციალისტებიც, მდინარე ბუბისწყლისა და მდინარე ჭანჭახის შესართავთან არსებული წყლის დონეზე დაკვირვების სადგურით.

„კლდეზვავის ჩამოშლის შედეგად მოწყდა დაახლოებით 62 ჰა-ზე გაშლილი მყინვარული მასა, რამაც მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება გამოიწვია (მიმდინარეობს დამატებითი კვლევები წყლის მოცულობის დადგენასთან დაკავშირებით)“, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში მოცემული შეფასებებს, მომხდარი სტიქიის კომპლექსურობას და მისი პროგნოზირების შეუძლებლობას.

„ცნობილია, რომ კლდეზვავური და მყინვარული მასების ჩამოშლის მრავალ ფაქტორთან დამოკიდებულების გამო მისი ადგილისა და დროის ზუსტად დადგენა შეუძლებელია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ხეობაში არსებული მეტეოროლოგიური სადგურიდან და მეტეოროლოგიური რადარიდან მიღებული მონაცემების თანახმად, მაღალი ინტენსივობის ნალექები არ დაფიქსირებულა“, – აცხადებს სააგენტო.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ადრეული გაფრთხილების სისტემა მოიცავს ძლიერი ნალექების, სეტყვის, ძლიერი ქარების, გვალვის, წყალდიდობის, წყალმოვარდნების წინასწარ პროგნოზირების მიმართულებას. რაც შეეხება ხეობაში განვითარებულ გლაციოლოგიური და კლდეზვავური ხასიათის პროცესებს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არის კომპლექსური თავისი ხასიათით და კლდეზვავური და მყინვარული მასების ჩამოშლის ზუსტი დროის და ადგილის დადგენა შეუძლებელია.


შოვში მომხდარი სტიქიიდან მეექვსე დღეს არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას ემსხვერპლა 21 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 12 დაკარგულს.