ბუჩის დეპუტატი: მარტის მეორე ნახევარში ჯარის როტაცია მოხდა და სისასტიკის დონე შეიცვალა

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ქალაქ ბუჩის საკრებულოს დეპუტატმა, კატერინა უკრიანცევამ ბუჩაში ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ისაუბრა.

ბუჩის გათავისუფლების შემდეგ ის ქალაქის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაბრუნდა ქალაქში, ადგილობრივებს შეხვდა და უშუალოდ მათგან მოისმინა ისტორიები, რომლებიც საოკუპაციო ძალების დანაშაულს აღწერს.

„ერთი თვე ბუჩა იმყოფებოდა შიშისა და შოკის მდგომარეობაში, 4-დან 31 მარტის ჩათვლით უკრაინის მოსახლეობას უწყობდნენ გენოციდს – ადამიანებს სარდაფებიდან არ უშვებდნენ, არ აძლევდნენ საშუალებას, რომ მოეძიებინათ პროდუქტი, აეღოთ წყალი. შუქისა და გათბობის გარეშე იყო ხალხი“, – ჰყვება კატერინა უკრაინცევა.

მისი თქმით, 9 მარტს ბუჩაში საოკუპაციო ძალებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს და ეძებდნენ მათ, მაგრამ რაკი ვერ ნახეს ქალაქში ხელისუფლების წარმომადგენლები, დაიწყეს მოსახლეობის ტერორი.

„ადამიანები სარდაფებიდან ყვიროდნენ, დაგვეხმარეთ. მე პირდაპირ ეთერში გავდიოდი და ვითხოვდი – გადაარჩინეთ ბუჩა! მაგრამ არ იყო ამის საშუალება. მთლიანად ბლოკირებული იყო ქალაქი; ყველა ქუჩაზე იდგა რუსული ტანკი; ყველა ეზოსთან რუსის ჯარისკაცი იდგა. იაბლონის ქუჩა, რომელიც გახდა ყველაზე ცნობადი… ამ ქუჩაზე მოფენილი იყო ადამიანების გვამები. ეს ქუჩა ჩემი კურატორობის ქვეშ არის, როგორც დეპუტატის და ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ.

გუშინ მქონდა კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობენ ამ ქუჩებზე და ვეკითხებოდი, როგორ იქცეოდნენ ისინი? რუსმა ჯარისკაცებმა გამოათრიეს სპირტიანი სასმელები და ყოველ კვირას იყო ასეთი პროცედურა – გამოჰყავდათ ყველა ახალგაზრდა ყმაწვილი ქუჩაში, აშიშვლებდნენ და ამოწმებდნენ ხომ არ ჰქონდათ ტატუები, ნახეხი ჯავშანჟილეტისგან, იარაღისგან. ყოველი ასეთი შემოწმების დროს ვიღაცას კლავდნენ და ეს მეზობლების, ნათესავების თვალწინ ხდებოდა“, – ამბობს ბუჩის საკრებულოს დეპუტატი.

მისივე თქმით, მან დაათვალიერა სახლები ბუჩაში და ბევრგან საფლავები პირდაპირ სახლის ეზოებშია გათხრილი.

„ვკითხე, როდის აძლევდნენ დასაფლავების საშუალებას და როგორც მითხრეს, როცა უკრაინული ძალები პასუხობდნენ მათ დაბომბვებს, ამ დროს გვაძლევდნენ საშუალებას, გამოვსულიყავით და დაგვემარხა გვამები. ერთი სხეული, რომელიც დაგლეჯილი იყო, ცალ-ცალკე დამარხეს – ფეხი, ხელი, თავი. ქალი ქუჩაში აკეთებდა საჭმელს, შეჰქონდა სახლში რკინის ქვაბით და ავტომატის ჯერით დაცხრილეს. ტყვიების კვალი დარჩენილია რკინის კარზე.

საშინელ ამბავს მომიყვნენ – ორი გვამი დიდხანს იდო ქუჩაში, უკვე ხრწნის პროცესი იყო დაწყებული. წყლის ასაღებად გოგოები გამოვიდნენ ქუჩაში, გვამებთან გაიარეს და რუსმა ჯარისკაცებმა ავტომატის კონდახებით ეს გოგონები ამ გვამებთან დააწვინეს, რომ ახლოდან ეყურებინათ გვამებისთვის, შემდეგ გაუშვეს და უთხრეს, რომ აქ ივლიდნენ და ასე დაწვებოდნენ ხოლმე – ადამიანების წინააღმდეგ წამების ისეთ მეთოდებს იყენებდნენ, რისი ახსნაც შეუძლებელია.

ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხვრეტდნენ ამ ხალხს. ერთმა კაცმა შვილი დაკარგა. მისი მონაყოლის მიხედვით, ის რუსებმა აიყვანეს ტყვედ, რადგან ჩხრეკისას ტანზე ტატუ უპოვეს, სისხლის ჯგუფის და ამიტომ მიიჩნიეს საეჭვო პიროვნებად. მასთან ერთად ორი მეზობელიც წაიყვანეს“. – ამბობს დეპუტატი.

მისივე თქმით, მარტის პირველ ნახევარში ბუჩაში სხვა ჯარისკაცები იდგენენ და შემდეგ მოხდა როტაცია. ისინი ჩაანაცვლეს სხვა, უფრო გამოცდილმა ჯარისკაცებმა, რომლებიც თავს ფსბეს თანამშრომლებად წარადგენდნენ. უკრაინცევა ამბობს, რომ მარტის მეორე ნახევრიდან ხარისხი და დონე სისასტიკის, რომელსაც იჩენდნენ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, ძირეულად შეიცვალა.

„მეორე ნახევარში შემოვიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი, ფსბ ჯარები და, სავარაუდოდ, ეს იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები, 40 წელს გადაცილებულნი. ჰქონდათ საბრძოლო გამოცდილება და იყვნენ სასტიკები და პროფესიონალები. ხალხთან ურთიერთობისას ზოგიერთი აღიარებდა, რომ ფსბ წარმომადგენლები იყვნენ. ამ რიცხვებიდან დაიწყო დაკითხვა, წამება და ადამიანების ჩაყრა სარდაფებში“. – ამბობს დეპუტატი.