ბუღაძე დღევანდელ გაფიცვაზე: დაკეტეთ კარი და დადექით თქვენი სამუშაო ადგილის წინ, იქონიეთ დროშები, ტრანსპარანტები

პუბლიკა

დღეს, 15 იანვარს, 15 საათზე გაფიცვა დაიწყება.

ღონისძიებასთან დაკავშირებით ლაშა ბუღაძემ და სხვა ინიციატორებმა პრესკონფერენცია გამართეს და გაფიცვაში მონაწილეობის მსურველებს გააცნეს ინსტრუქცია, რა ფორმით უნდა გამოხატონ პროტესტი:

„მოგიწოდებთ გაფიცულებს, დაკეტეთ კარი და დადექით თქვენი სამუშაო ადგილის წინ. სასურველია, თან იქონიოთ დროშები, ანდა ტრანსპარანტები წარწერებით – „გავიფიცე“ „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ და ა.შ. ჩართეთ ლაივი, გადაიღეთ ფოტოები და განათავსეთ სოციალურ მედიაში ჰაშტაგით #იფიცებასაქართველო. თვითდასაქმებულები და ისინი, ვინც ოფისიდან არ ვმუშაობთ, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე.

გაფიცვის დამთავრების მერე ტრადიციულად ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე და ვუერთდებით ყოველდღიურ პროტესტს პარლამენტის შენობასთან. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია – გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები“, – თქვა ლაშა ბუღაძემ.