ბულგარეთის პარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს

პუბლიკა

ბულგარეთში, სოფიას პარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერენ.

ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს შეხვდა და  განაცხადა, რომ „ბულგარეთი გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე“.

 

სოფიას პარლამენტში ამბობენ, რომ საქართველო ბულგარეთისთვის სამხრეთ კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს. მათი შეფასებით, საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი იქნებოდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაზრდისა და სამხრეთ-კავკასიის რეგიონის სტაბილურობისთვის.

სოფიას პარლამენტში მიღებული რეზოლუცია გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას.

ბულგარეთის პარლამენტში აღნიშნეს, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ღია სამხედრო აგრესიის ფონზე.