ბულგარეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი მონასტერში პირბადის გარეშე შესვლის გამო 300 ლევით ($174) დაჯარიმდება.
ჯანდაცვის მინისტრის კირილ ანანიევის მიერ ორშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით, დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა მას შემდეგ, რაც ბულგარეთში გასულ კვირას კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა.
„ყველა პირი, რომელიც რილის მონასტერში პრემიერ-მინისტრის სტუმრობის დროს დამცავი ნიღბის გარეშე იმყოფებოდა, დაჯარიმდება”, – განუცხადა ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრმა Reuters-ს.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ბორისოვის გარდა დაჯარიმდებიან ის ფოტოგრაფები და ჟურნალისტები, რომლებიც პრემიერ-მინისტრს მონასტერში თან ახლდნენ და დამცავ პირბადეს არ ატარებდნენ.
ბულგარეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში შეზღუდვების შესუბუქება ივნისის თვეში დაიწყო, მას შემდეგ, რაც მკაცრი შეზღუდვების დაწესების შედეგად ეპიდსიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, გასულ კვირას ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 606 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც ჯანდაცვის მინისტრი აიძულა დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარების წესი კვლავ სავალდებულო გაეხადა.
დღეის მდგომარეობით ბულგარეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 984 შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსის შედეგად კი 207 ადამიანია გარდაცვლილი.