ბულგარეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

პუბლიკა

ბულგარეთში საქართველოს ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის X-ზე წერს.

ბერძენიშვილის თქმით, დიპლომატიური საქმიანობის 2 წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული კოლეგებთან ერთად საქართველოს ევროატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

ის სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს და გმობს მათ წინააღმდეგ ძალადობას.

 


რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მომიტინგეების დაკავება, დევნა, მათზე ძალადობა. ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც ასევე ცრემლმდენი ნივთიერებები იყო შერეული.

შსს-ს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.

უწყების განცხადებით, აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, აქციაზე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართული ოცნების” სახელით ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს.