ფსიქოლოგიური ძალადობა მასწავლებლის მხრიდან - მოსწავლემ სასამართლო დავა მოიგო

პუბლიკა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პედაგოგის მხრიდან მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე დარღვევა დაადგინა და მასწავლებელს 1050 ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლომ თქვა, რომ მასწავლებლის ქმედებამ მოსწავლეს ძლიერი ფსიქოლოგიური ტანჯვა მიაყენა.

ამ საქმეზე მიმდინარეობს ასევე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნაწილით, რომელიც დამამცირებელ ან არადამიანურ მოპყრობას ეხება.

საუბარია 2019 წლის თებერვალში ახალციხის ერთ-ერთი სკოლის, მეექვსე კლასელი ბიჭის საქმეზე. მოსწავლე ამბობდა, რომ პედაგოგი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა და აბულინგებდა, რადგან მან სკოლაში ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. ამის შესახებ ჰყვებოდნენ ბავშვის ოჯახის წევრებიც. ამ გარემოში მოსწავლე რამდენიმე თვე იმყოფებოდა. მოგვიანებით გამოძიების დაწყების შემდეგ სკოლამ პედაგოგი კლასს ჩამოაშორა, თუმცა სკოლაში ის დღემდე მუშაობს.

მოსწავლის ინტერესებს იცავდა საია-ს იურისტი ქეთი ბებიაშვილი, რომელიც „პუბლიკას“ ეუბნება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტულია ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვის ნაწილში.

„ამ საქმეში ჩავერთეთ, როდესაც გამოძიება იყო დაწყებული, მაგრამ ბავშვი დაზარალებულად  არც კი იყო ცნობილი და ბევრ ნაწილში გამოძიება არ მიდიოდა სწორი მიმართულებით.

პედაგოგი ბავშვს მიმართავდა უხეშად, შეურაცხმყოფლად… ეუბნებოდა, რომ ვისაც გინდა, იმას მიმართე, იჩივლე, თუ გინდა პოლიციაში დარეკე… ამის შემდეგ კლასშიც გააგრძელა ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობა, უგულებელყოფდა მის ინტერესებს, უხეშად ექცეოდა ბავშვს, რაც გაგრძელდა რამდენიმე თვის განმავლობაში.

უნდა აღინიშნოს, რომ სკოლამ ვერ მოახდინა დროული რეაგირება, რადგან პედაგოგი, რომელმაც ბავშვზე განახორციელა ძალადობა რამდენიმე თვის განმავლობაში კვლავ აგრძელებდა ამ კლასში თავის პედაგოგიურ საქმიანობას, რამაც გაზარდა ბავშვზე ფსიქოლოგიური ტანჯვა და გააძლიერა ეს ტანჯვა. თავის დროზე კარგი იქნებოდა, რომ სკოლას აღეკვეთა ეს.

საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ჩვენ გამოვითხოვეთ სკოლიდან მათი მხრიდან განხორციელებული რეაგირების ამსახველი დოკუმენტაცია, საიდანაც გახდა ცნობილი, რომ პედაგოგს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატა თავდაპირველად სიტყვიერ საყვედურში და შემდეგ კი ის კლასს ჩამოაშორეს“, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, იურისტი ამბობს, რომ სასამართლოს ერთი წლის წინ მიმართეს და ითხოვდნენ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მასწავლებლის მხრიდან.

მოსწავლის ოჯახი მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 9 500 ლარს ითხოვდა, ხოლო მატერიალური ზიანისთვის 500 ლარს. სასამართლომ მასწავლებელს ჯამში 1 050 ლარის გადახდა დააკისრა. როგორც იურისტი ამბობს, მათი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მხოლოდ მორალური ზიანის ნაწილში, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მთავარი იყო ბავშვის უფლებების დარღვევის აღიარება. ამიტომაც მოსწავლის ოჯახს აღარ გაუსაჩივრებია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პრეცენდენტულია, რადგან ასეთ საქმეზე, ბულინგი – ძალადობა მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე, არასდროს ყოფილა სასამართლოს განხილვის საგანი და მოსწავლეებს არასოდეს არავისთვის მოუმართავთ. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით, რადგან მიგვაჩნია, რომ ბავშვმა არ უნდა განიცადოს ამგვარი ძალადობა, რომლის შედეგადაც მან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა და ეს დადასტურდა კიდეც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით“, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

იურისტის თქმით, გასაჩივრების ვადები გასულია ორივე მხარისთვის, ამიტომ ისინი ელოდებიან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ჩაბარებას.

ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემამ „სამხრეთის კარიბჭემ“ გაავრცელა. გამოცემას პედაგოგის ადვოკატმა უთხრა, რომ მასწავლებელი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. „სამხრეთის კარიბჭეს“ შეკითხვებზე არ უპასუხეს სკოლის ადმინისტრაციაში.