ბულვარში ახალ მშენებლობებზე მორატორიუმი დაწესდება – თორნიკე რიჟვაძე

პუბლიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანებისა და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დამტკიცებამდე გამოცხადდეს სრული მონატორიუმი ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე.

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ბულვარის ისტორიულ-კულტურულ საზღვრებში სრული მორატორიუმის დაწესებას ყველა ახალ პროექტზე. ასევე, ბულვარი, კანონით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ დაუბრუნდება ბათუმის მუნიციპალიტეტს და შესაბამისი დავალებები უკვე მიიღეს შესაბამისმა პასუხისმგებელმა უწყებებმა“, – განაცხადა მან.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შინაარსობრივად ბათუმის ბულვარი არის სარეკრეციო სივრცე და ის ეკუთვნის ბათუმსა და ბათუმელებს. როგორც მან აღნიშნა, შეცდომა იყო, როდესაც ის აჭარის ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა სამართავად.

„შინაარსობრივად ბათუმის ბულვარი არის სარეკრეაციო სივრცე, ასევე არის მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც იქ ტარდება. ის ეკუთვნის ბათუმსა და ბათუმელებს თავისი შინაარსით, თავისი დატვირთვით. მართვის თვალსაზრისითად დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო იმართება ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ. თავის დროზეც, ჩემი აზრით, იყო შეცდომა, როდესაც ის ბათუმის ბულვარი გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს სამართავად“, – განაცხადა მან.


ბათუმის მერიაში დღეს დილიდან ხმაური და შეხლა-შემოხლა იყო. აქტივისტები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას მოითხოვდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

საკრებულოს სხდომაზე უნდა განხილულიყო სასტუმრო „ბათუმი თაუერისთვის“ ბულვარის გასწვრივ 3380 კვ.მ. ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხი. თუმცა ხმაურისა და პროტესტის შემდეგ საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს.