ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტში საქართველოს შესახებ განხილვა გაიმართება

პუბლიკა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ამბობს, რომ დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილვა გაიმართება.

„დღეს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ სიტუაციას განიხილავს”, – წერს ის.

გუშინ ევროპარლამენტში რუსული კანონის შესახებ დებატები გაიმართა – იქ წარდგენილია რეზოლუციის 4 პროექტი, რომელსაც ხუთშაბათს უყრიან კენჭს.

ევროპარლამენტში ინიციირებული ერთ-ერთი რეზოლუციის პროექტის თანახმად ევროპარლამენტარები ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანონპროექტს და აღნიშნავენ, რომ ის მსგავსია რუსეთის ფედერაციაში 2012 წელს მიღებული კანონისა.

პროექტის ავტორები არიან მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ანდრიუს კუბილიუსი და სხვები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მისი მიღება არამხოლოდ დააზიანებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, არამედ ძირს გამოუთხრის დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორისა და მედიების საქმიანობებს.