ბუნდესტაგის წევრი: მოვუწოდებთ, ერთხელ და სამუდამოდ ხელი აიღონ ამ კანონის მიღებაზე

პუბლიკა

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ანიკო გლოგოვსკი-მერტენი მოუწოდებს ქართველ დეპუტატებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვან ამგვარი კანონის მიღების გეგმებზე.

მისი თქმით, მსგავსი კანონები ევროპის კავშირში არ არსებობს.

„ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო საქართველოდან, გადაუდებელი ვითარებიდან გამომდინარე, უნდა ვისაუბროთ საქართველოში ე.წ. „უცხოური აგენტების კანონზე“.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. 2023 წელს მათ ერთხელ უკვე სცადეს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება, რომელიც დამნაშავეებად აქცევს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და საინფორმაციო საშუალებას, რომლებიც ქვეყნის გარედან დაფინანსებას იღებენ ან აშუქებენ იმ საკითხებს, რაც არ აწყობს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. კანონის მიზანია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დისკრედიტაცია, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიული და თავისუფალი ერის განუყოფელი ნაწილია.

შესაძლოა, კანონპროექტს სახელი შეუცვალეს, მაგრამ კანონის სახელწოდება მის არსს არ ცვლის – იქნება ეს „კანონი უცხოელი აგენტების“ შესახებ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ – მნიშვნელოვანია მისი განზრახვა და შინაარსი.

ეს კანონი არის თავდასხმა დემოკრატიულ პროგრესზე, რომლის მისაღწევადაც ქართულმა საზოგადოებამ ბევრი იმუშავა. ის შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვასთან, რისთვისაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ამდენი ხანია იბრძვის.

მსგავსი კანონები ევროპის კავშირში არ არსებობს – და ეს უსაფუძვლოდ არ ხდება.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დისკრედიტაციის მიზნით ე.წ. „უცხოური აგენტის“ კანონის ხელახალი შემოღება, საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს თანამშრომლობას ევროპელ მოკავშირეებთან. ამიტომ, მოვუწოდებთ ქართველ დეპუტატებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ერთხელ და სამუდამოდ ხელი აიღონ ამ კანონის მიღებაზე.

თუ ამ კანონს მიიღებთ, იძულებულები ვიქნებით, მთლიანად გადავხედოთ ჩვენს თანამშრომლობას განვითარების მიმართულებით, საქართველოს მთავრობასთან ერთობლივი პროექტების ჩათვლით.

ასე რომ, მოგესალმებით ბერლინიდან და გთხოვთ, უარი თქვით „უცხოელი აგენტების შესახებ კანონზე“, – ამბობს ის ვიდეომიმართვაში, რომელსაც „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ ავრცელებს.