ბუნდესტაგმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა

პუბლიკა

გერმანიის ბუნდესტაგმა დღეს მიღებული გადაწყვეტილებით მთლიანად შეცვალა ქვეყნის პოლიტიკა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების კუთხით.

ბუნდესტაგში უკრაინისთვის მძიმე იარაღის გადაცემას მხარი დაუჭირა როგორც მმართველმა კოალიციამ, ისე ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ფრაქციამ, რომელიც ანგელა მერკელის კანცლერობის პერიოდში მმართველი გუნდი იყო.

„სამხედრო დახმარება უნდა გაგრძელდეს და დაჩქარდეს, სადაც შესაძლებელია“, – ნათქვამია ბუნდესტაგის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტში.

ასევე, გერმანია მეტ სამხედროს გაგზავნის NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე და მოუწოდებს რუს სამხედროებს, დაყარონ იარაღი და ევროკავშირსა და უშუალოდ გერმანიაში მოითხოვონ თავშესაფარი.

მძიმე შეიარაღების გადაცემას ბუნდესტაგში ეწინააღმდეგებოდნენ მემარცხენეები და ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“. თუმცა, მათ გერმანიის პარლამენტში მხოლოდ მცირე წარმომადგენლობა ჰყავთ.

გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს ბუნდესტაგში მკაცრად აკრიტიკებდნენ ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი და პარლამენტის სხვა წევრები. ისინი მოითხოვდნენ, რომ გერმანიას მსუბუქ შეიარაღებასთან ერთად უკრაინისთვის გაეგზავნა მძიმე ტექნიკაც.