„ბუნდოვანი შემოთავაზებაა" - გაიფიცებიან თუ არა სოცაგენტები მოგვიანებთ გახდება ცნობილი

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროსგან გარკვეული შეთავაზების შემდეგ გაიფიცებიან თუ არა სოცაგენტები – გადაწყვეტილება დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

როგორც „პუბლიკასთან” პროფესიული კავშირის „სოლიდარობის ქსელის” იურისტი დავით ომსარაშვილი ამბობს, ჯერჯერობით, გაფიცვა ისევ რჩება დღის წესრიგში, დღის ბოლომდე სოციალური აგენტები მიიღებენ გადაწყვეტილებას, დასჯერდებიან თუ არა სააგენტოს შემოთავაზებას.

მისი თქმით, სოცაგენტების მოთხოვნა არ იყო ის, რაც სააგენტომ დღეს გააჟღერა.  მათი მოთხოვნა იყო უფრო დიდი, ვიდრე შემოთავაზებული.

სამინისტროში დღეს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „სოციალურ აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება [100 ლარი] 150 ლარით გაიზარდა და შესაბამისად, მათთვის სამგზავრო თანხის სახით გამოყოფილი ანაზღაურების ოდენობა 250 ლარს შეადგენს”.

ომსარაშვილის თქმით, აღნიშნული განცხადება მათთვის ბუნდოვანი და გაურკვეველია – რეალურად იზრდება ფიქსირებული ანაზღაურება, თუ სატრანსპორტო ხარჯისთვის ემატებათ თანხა სოცაგენტებს.

„ხელშეკრულებაში ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ ეს არის ხელფასი [100 ლარი]. რადგან ეს ასეთი მცირეა, სამინისტრო და სააგენტო ვერ ამბობს, რომ ეს ხელფასია და ამბობენ, რომ ეს არის, უბრალოდ, სატრანსპორტო ხარჯი. ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა კი სწორედ ეს იყო, რომ გარკვეულიყო, რა არის სატრანსპორტო ხარჯი  და რა არის ხელფასი – ეს ორი გამიჯნულიყო  ერთმანეთისგან.

ჩვენ კი ვამბობთ, რომ გარდა სატრანსპორტო ხარჯისა, ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გარანტირებული ხელფასი. დღეს სოციალური აგენტების მოთხოვნაა, გარდა სატრანსპორტო ხარჯისა, მათი ხელფასი განისაზღვროს საარსებო მინიმუმით. შესაბამისად, ეს დაბნეულობა და გაურკვევლობა იმის შედეგია, რომ სამართლებრივ ჭრილში არ უნდათ, გადაიყვანონ მოლაპარაკებები და უნდათ, ისევ ასეთ გაურკვევლობაში დატოვონ სოციალური აგენტები”, – აცხადებს ომსარაშვილი.

მისი თქმით, წერილობითი დოკუმენტის მიღებამდე მათ კონკრეტული გეგმების შესახებ საუბარი ამ ეტაპზე არ შეუძლიათ.

„შესაძლოა, რომ დღეს რამდენიმე სოციალური აგენტი შეხვდეს სამინისტროს წარმომადგენელებს და დააზუსტებინოს ეს საკითხები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება, ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე”, – ამბობს ომსარაშვილი.


როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი წოწკოლაურმაც აღნიშნა, რეალურად, მათი პოციზიით, ფიქსირებულ ანაზღაურებას [100 ლარი] სოცაგენტებს უხდიან იმის გამო, რომ „მათთვის არ იყოს რაიმე ხელშემშლელი ფაქტორი გადაადგილებაზე”.

„მათი ზოგადი ხელფასი არის მიბმული გამომუშავებაზე… ჩვენი მხრიდან – მათი ხელფასის ნაწილობრივ ფიქსირებულზე გადაყვანა, ნიშნავს იმას, რომ მათთვის არ იყოს რაიმე ხელშემშლელი ფაქტორი გადაადგილებაზე”, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება ტრანსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს, წოწკოლაური ამბობს, რომ თბილისში მომუშავე სოცაგენტები მერიისგან შეღავათით სარგებლობენ. რაც შეეხება რეგიონებს, იქ „არ აქვს ისეთი ფუფუნება, რომ თითოეულ თანამშრომელზე ყველა მიმართულებაზე მანქანა იყოს მიმაგრებული”, გადაადგილებაში დახმარება კი პრიორიტეტულად ხდება.

„მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში სოცაგენტებს თანხას საერთოდ არ ახდევინებს – სამგზავრო ბილეთებს ურიგებენ, ანუ ჩვენ არაერთი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული საიმისოდ, რომ მათთვის მგზავრობა პრობლემა არ ყოფილიყო.

სულ რამდენიმე წუთის წინ დავამთავრე შეხვედრა რეგიონის, რაიონის ხელმძღვანელებთან. მათაც მივეცი დავალება, რომ ისეთ ადგილებზე, სადაც რთულია მოძრაობა, აუცილებლად უნდა დაეხმარონ ავტოტრანსპორტით. მოგეხსენებათ, დღეს სააგენტოში ყველა თანამშრომელზე, ყველა მიმართულებაზე არ გვყავს მანქანა მიმაგრებული… თუ პრიორიტეტი იქნება ის, რომ სოციალური აგენტი უნდა წავიდეს მაღალმთიან რეგიონში, რომელიმე სოფელში, ამას სააგენტოს ტრანსპორტი უზურნველყოფს.

… რეგიონებში არსებულ სოციალურ აგენტებს დღესაც ვეხმარებით ტრანსპორტით. აქ საუბარი თუ თბილისზეა, კიდევ ერთხელ ვამბობ, თბილისის მერიამ ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა. იქ [რეგიონში] ისედაც არის ავტოტრანსპორტი, რეალურად, ყველა სერვისცენტრში და საჭიროებიდან გამომდინარე, იყენებენ. სულ სოცაგენტებზე ვერ მივამაგრებთ ამ ეტაპზე”, – აღნიშნა წოწკოლაურმა.