ბუნებრივი აირის მოქმედ ტარიფებს დეკემბრის ბოლოს ეწურება ვადა, თუმცა ზრდას არ ველოდებით - ნარმანია

პუბლიკა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, მარეგულირებელი კომისია დეკემბრის თვეში ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს, რადგან არსებულს სწორედ დეკემბერში გასდის ვადა, თუმცა ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ნარმანიამ  მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ტარიფებს, ისინი რჩება უცვლელი. ელექტროენერგიის სექტორში აგვისტოში დავადგინეთ ტარიფები და ამ შემოდგომა -ზამთარში იქნება უცვლელი, ბაზის გახსნამდე მოქმედი ტარიფები დავტოვეთ ძალაში. დეკემბერში მარეგულირებელი კომისია დაადგენს ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს, ვინაიდან მოქმედ ტარიფებს დეკემბრის ბოლოს ეწურება ვადა, თუმცა არსებული კურსის პირობებში, ჩვენ ზრდას ამ ნაწილში არ ველოდებით“, – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მოხმარება იმატებს. ზაფხულის სეზონთან შედარებით, ზამთრის სეზონში 15-16%-ით მეტია ელექტროენერგიის მოხმარება, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივი აირის მოხმარებას, 5-ჯერ უფრო მეტია ზამთრის პერიოდში.