ბუნკერში მჯდომ იმ ბაბუას ისე ეშინია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიც კი დახიეს - ნავალნი

პუბლიკა

რუსეთში ხიმკის პოლიციის განყოფილებაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. რუსეთის პენიტენციური სამსახური მას პირობითი მსჯავარის „მრავალჯერ დარღვევის“ გამო ედავება იმ პერიოდზე, როცა ის მოწამვლის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადიოდა გერმანიაში.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვში დაბრუნებისთანავე დააკავეს. მის ადვოკატს კი გაყოლის უფლება არ მისცეს. ნავალნის დამცველი ოლიიტკოსთან სასაუბროდ მხოლოდ დღეს დილით 11:00 საათზე შეუშვეს განყოფილებაში. შემდეგ კი მათ მიიღეს დოკუმენტი, რომელიც აცნობებდათ, რომ იქვე, განყოფილებაში გაიმართებოდა ალექსეი ნავლანის პროცესი.

„მე ვერ გავიგე აქ რა ხდება. მხოლოდ ორიოდე წუთის წინ გამომიყვანეს კამერიდან, რომ შევხვედროდი ადვოკატებს. მოვედი და აღმოჩნდა, რომ ხიმკის სასამართლო ჩემს პროცესს მართავს.

ვიღაცები მიღებენ, ხალხის ნაწილი ჰოლშია. ამას უწოდებენ „ღია სხდომას“. სხდომას, რომელზეც პოლიციის მიერ ჩემი დაპატიმრების შესახებ გამოცემულ ორდერს განიხილავენ.

ვერ ვხვდები, რატომ უნდა მიმდინარეობდეს სასამართლო პროცესი პოლიციის განყოფილებაში? რატომ არ უცნობებიათ არავისთვის? ნათელია – მართლმსაჯულების მისამართით ბევრი დაცინვა მინახავს, მაგრამ, როგორც ჩანს, ბუნკერში მჯდომ იმ ბაბუას იმდენად ყველაფრის ეშინია, რომ დემონსტრაციულად დახიეს და სანაგვეზე გადააგდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. წარმოუდგენლია რაც აქ ხდება, სრული განუკითხაობაა“, – თქვა ნავალნიმ.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და „ანტიკორუფციული ფონდის“ დამფუძნებელი ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. საპასპორტო კონტროლის გავლისას მასთან სამართალდამცველები მივიდნენ და გაყოლა მოსთხოვეს, თუმცა არ დააკონკრეტეს აკავებდნენ თუ არა პოლიტიკოსს. ნავალნის თანმხლებ ადვოკატს კი მასთან გაყოლის უფლება არ მისცეს.

მოგვიანებით, რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ალექსეი ნავალნი მასზე დაკისრებული პირობითი მსჯავრის „მრავალჯერ დარღვევის გამო“ დააკავეს.

ნავალნიზე ძებნა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 28 დეკემბერს რუსეთის პროკურატურამ ულტიმატუმი წაუყენა, რომ სასწრაფოდ დაბრუნებულიყო მოსკოვში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დააპატიმრებდნენ. ნავალნის პირობითი მსჯავრი ჰქონდა, რომელიც 30 დეკემბერს იწურებოდა.

ნავალნის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ პოლიტიკოსი რეაბილიტაციის კურსს გადიოდა და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთში იმ მომენტში დაბრუნებას ვერ მოახერხებდა.

ალექსეი ნავალნიმ მოსკოვში დაბრუნება, მისი თქმით, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რეაბილიტაციის პროცესში ხელშესახებ პროგრესს მიაღწია და თავისუფლად გადაადგილება შეძლო.

ის გერმანიიდან რუსეთში 17 იანვარს ჩაფრინდა და ვნუკოვოს აეროპორტში უნდა დაშვებულიყო, მაგრამ თვითმფრინავმა, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოსკოვში ბრუნდებოდა, დაჯდომისას გეზი იცვალა. ის ვნუკოვოს ნაცვლად შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

ვნუკოვოს აეროპორტთან ნავალნის დასახვედრად მისი მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. აეროპორტის მიმდებარე ტერიტრიაზე მალევე გამოჩნდა ომონიც, რომელმაც ნავალნის თანაგუნდელებისა და მხარდამჭერების ნაწილი დააკავა. სამართალდამცველებმა მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ დაშლილიყვნენ, შეკრებილები კი მათ დახვდნენ შეძახილებით – „ფაშისტებო“.

ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, დაკავებულს შორის იყვნენ ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის იურისტი ლიუბოვ სობოლი, ფონდის თანამშრომელი რუსლან შავედინოვი და ერთ-ერთი აქტივისტი კონსტანტინ კოტოვი. ასევე დააკავეს ნავალნის შესახვედრად მისული ათეულობით მოქალაქე.