თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ პოლიტიკურია გადაწყვეტილება, რომელიც „ღირსეული პარტნიორის” სწავლების გაურკვეველი ვადით გადადებას გულისხმობს.
ბურჭულაძის თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტლებით სამხედრო მოსამსახურეები არ უნდა დაისაჯონ.
„მინდა, ჩვენს პარტნიორებს ვთხოვო, ვინც გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე ასეთ საკითხებზე, გასაგებია, რომ ამ მასშტაბის ღონისძიება არ არის მხოლოდ სამხედრო ღონისძიება, ეს არის სამხედრო პოლიტიკური ღონისძიება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ათეულობით წლების განმავლობაში იცავდნენ არამხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ნატო-ს წევრები არიან, არამედ მსოფლიო მშვიდობას. ჩვენ ყოველთვის წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ დაისაჯონ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა კი თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არის „გაუგებარი”.
აშშ-მა საქართველოსთან „ღირსეული პარტნიორის” სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით” გადადო. ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გუშინ გაავრცელა.
განცხადების მიხედვით, „ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც ზეწოლას ვახდენდით საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და რომ მონაწილეობას ვიღებდით, მმართველი პარტიის წინააღმდეგ, გადატრიალების ორ მცდელობაში. როგორც ასეთი, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად.