ბურჭულაძე: ჩვენი მიზანია, გავხადოთ ქართული ცა მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო

პუბლიკა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე „მინისტრის საათის“ ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში წარსდგა.

მინისტრმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო და საავიაციო სისტემების დახვეწასა და განვითარებაზე.

„ჩვენი მიზანია, გავხადოთ ქართული ცა მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო“, – განაცხადა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერებას.

„როგორც წარსულმა გამოცდილებამ და თანამედროვე ომის სპეციფიკამ დაგვანახა, სამხედრო დაპირისპირების დროს, თავდაცვითი ამოცანების შესრულებისა და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად, ამ კომპონენტის გაძლიერება ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,“ – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ავიაციის აღდგენა-მოდერნიზების კუთხით.

„ჩვენ, სულ რაღაც ოთხ წელიწადში მოვახერხეთ ის, რომ დღეს  ჩვენს ავიაციას უკვე გამართულ მდგომარეობაში ჰყავს “SU–25”-ები, UH-1H ტიპის შვეულმფრენები, ასევე MI- 8, MTV და “MI–24”-ის ტიპის შვეულმფრენები. ჩვენ ასევე დავიწყეთ სასწავლო-საბრძოლო L39 თვითმფრინავების და AN-2-ების, ასევე სასწავლო თვითმფრინავების აღდგენა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ბურჭულაძის განცხადებით, ხელისუფლების ერთ-ერთი ამბიციური პროექტია დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარება.

„წლის ბოლომდე ვვარაუდობთ, რომ გვექნება ეროვნული წარმოების დრონები, შექმნილი „დელტას“ მიერ, „დელტა-ვებეს“ ბაზაზე. დამატებით მინდა გითხრათ, რომ დრონების ეროვნული წარმოების განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ წამყვანი ქვეყნების მწარმოებლებიდან მაღალტექნოლოგიური საშუალებების შეძენას,“ – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, ნატოს წევრ და ასევე პარტნიორ ქვეყნებთან გაფორმებულია ხელშეკრულებები მოკლე და შორ მანძილზე მოქმედების თანამედროვე დრონსაწინააღმდეგო სისტემების, ასევე ხელით გადასატანი დრონების აღმომჩენი და ჩამხშობი სისტემები შესყიდვაზე.