„ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იმავეს აგრძელებს. ეს არის ჩვეულებრივი ტერორი, რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ამ კადრებით საზოგადოებამ სიმულაცია დაინახა და ასევე ის, რომ პერსონალის უფლებები ირღვევა.
„ამ კადრებით საზოგადოებამ დაინახა და ამაზე მინისტრმაც გააკეთა კომენტარი, რომ ეს არის სიმულაცია. საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ადამიანის უფლებებს იცავენ, გუშინ კითხვა არ გაუჩნდა? იქ არ ირღვევა ადამიანის უფლებები და პერსონალის? ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იმავეს აგრძელებს, ეს არის ჩვეულებრივი ტერორი, რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ. ამ კომპონენტზე არავის უფიქრია. სად არიან ადამიანის უფლებების დამცველები, როცა გუშინ ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელიც აგრძელებს ტერორს საქართველოს მოსახლეობის. თქვენ, როგორც ქალბატონებს, კითხვა არ გაგიჩნდათ გუშინ, იმათი უფლებები ირღვეოდა თუ არა? სხვა რომ მოექცეს ანალოგიურად უფლებების დამცველები მოუთხოვენ ყველაზე მკაცრი ზომების გატარებას,“ – განაცხადა ბურჭულაძემ.
2022 წლის 14 დეკემბერს პენიტენციური სამსახურმა გაასაჯაროვა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. ვიდეომასალა 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და ასახავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია რამდენიმე თარიღი, ბოლო კადრი 12 დეკემბრითაა დათარიღებული.
დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სააკაშვილის კადრების გავრცელების საკითხის შესწავლა დაიწყო. უწყებების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სააკაშვილის ადვოკატიც გეგმავს.
ხაჭაპურიძის განცხადებით, კადრების გასაჯაროების გამო პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. მისი თქმით, ორივე უწყებამ პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი დაარღვია.