„ქართულმა ოცნებამ” გააკეთა აბსოლუტურად ყველაფერი, რომ ჩემს დაძახილზე ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ასე რომ ორგანიზატორები ვართ მე და „ქართული ოცნება”, – ამის შესახებ პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი ის იყო. თუმცა საუბარია აქციაზე და არა რაიმე ძალადობრივ მოქმედებაზე.
„ჩვენ მივიღეთ დეკლარაცია, ჩვენ მივიღეთ იმ ხალხის სია, ვინც ეჭვმიტანილები არიან ქვეყნის დაქცევაში. და ეს იყო ჩვენი მიზანი, რაც ეწერა ჩემს მოწოდებაში თუ გინდათ ფლაერზე და თუ გინდათ ტელევიზიით. ამიტომაც, ძალადობაზე საუბარი საერთოდ არ არის”, – განაცხადა მან.
რას ამბობს ბურჭულაძე „საორგანიზაციო კომიტეტის” ვიდეოზე
ამის შესახებ შეკითხვები მას პროკურორმა ვაჟა თოდუამ დაუსვა:
თოდუამ მას ჰკითხა, რატომ უწოდა ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ვიდეოში აქციის ორგანიზატორები:
„შეიძლება ეს შეცდომაც იყო ჩემი მხრიდან, რომ ვთქვი, რომ ჩვენ ვართ ორგანიზატორები, მაგრამ მე მინდოდა მეთქვა, ვიგულისხმე ის, რომ თუ რამე შეკითხვა გექნებათ, ამ ხალხთან მაქვს მე კონტაქტი-მეთქი”.
შეკითხვაზე, ვისი იდეა იყო ამ ადამიანებთან ერთად ვიდეოს ჩაწერა, ბურჭულაძე ამბობს, რომ ეს მისი იდეა იყო:
„ჩემი იდეა იყო. ვთხოვე, მობრძანდით-მეთქი, თუ შეიძლება ჩემთან ერთად, იმიტომ, რომ არის იმის შანსი, რომ რაღაც პროვოკაციები დაიწყოს.
პროკურორი: რატომ შეარჩიეთ ეს 4 ადამიანი?
ბურჭულაძე: თვითონ იქ იყვნენ. კიდევ იყო ერთი-ორი ადამიანი, მაგრამ არ ჩაეტია კადრში.
შეკითხვაზე, მანამდე ჰქონდა თუ არა ამ ადამიანებთან საორგანიზაციო საკითხებზე კომუნიკაცია, ბურჭულაძემ თქვა, რომ არა:
„არავისთან ორგანიზაციულ საკითხებზე მე არ მქონია, იმიტომ, რომ არაფერი არ იყო საორგანიზაციო. აქ იყო: მოდით, ჩავატაროთ ევროპული ყრილობა”.
პროკურორი: ანუ ადამიანები, ვისზეც ჩვენ ვსაუბრობთ, შემთხვევით იმყოფებოდნენ იმ ადგილას?
ბურჭულაძე: იმ მომენტში კი;
შეკითხვაზე, ეს ოთხი ადამიანი სცენაზეც შემთხვევით მოხვდა თუ არა, ბურჭულაძემ თქვა, რომ სცენაზე ვისაც უნდოდა, ადიოდა.
„სცენაზე ვისაც უნდოდა, ამოვიდოდა, არავის არ ჰქონდა მოთხოვნა, რომ ავიდნენ სცენაზე”.
პროკურორი: ვიდეოს ჩაწერის დროს თუ გქონდათ კომუნიკაცია, ხომ არ შეთანხმებულხართ, რომ თუნდაც სცენაზე შეხვედროდით?
ბურჭულაძე: არავითარი შეთანხმება მაგაზე არ მჭირდებოდა, თუ მჭირდებოდა, ვეტყოდი, მოდით და ამოდით.
ათონელის სასახლესთან გადანაცვლება
ბურჭულაძის თქმით, „დეკლარაციის მიღების შემდეგ” ათონელის სასახლესთან გადანაცვლების მოწოდება „აღიქვა” ისე, რომ მიტინგი უნდა გაგრძელებულიყო სასახლესთან. მისი თქმით, მან წინასწარ არ იცოდა მურთაზ ზოდელავას მიმართვის შინაარსი.
„მე აღვიქვი ესე, რომ მე ახლა გავაგრძელოთ იქ მიტინგი სასახლესთან. გზაში ხალხი მოგვყვებოდა და ვიყავით…, ვეფერებოდით ერთმანეთს”, – განაცხადა მან.
ბურჭულაძემ აღნიშნა ისიც, რომ ზოდელავას გამოსვლა არ იყო დეკლარაციის ტექსტის ნაწილი.
პროკურორის დამაზუსტებელ შეკითხვაზე – „რაც გაჟღერდა შემდგომში მურთაზ ზოდელავასგან, ეს თქვენთვის წინასწარ იყო ცნობილი?”, – პასუხობს:
„არა, არაფერი არ იყო ცნობილი. რა სჭირს მურთაზს ისეთი, რომ შევუმოწმო სიტყვები. რას ლაპარაკობთ”, – განაცხადა მან.
რაც შეეხება შეკითხვას, რატომ გადავიდა სასახლის ეზოში, ამბობს, რომ პასუხისმგებლობა იგრძნო:
„მერე რომ მივედით იქ… ჩამონგრეული იყო უკვე, ხალხის ესკალაცია იყო რაღაცნაირად, შეტაკება იყო, ამიტომ მე, რადგან ტელევიზიით ნათქვამი მქონდა… სულ მეკითხებოდნენ ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, ამ კრების ჩატარებისასო და მე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას-მეთქი.
ამიტომაც მე გადავწყვიტე მერე იქ, შევედი ეზოში და… სპეცრაზმელებს ვეუბნებოდი, ეს ვიდეოზეც არის კარგად, რომ არ გაბედოთ ხალხზე ხელის აწევა იმიტომ, რომ ესენი არიან ჩვენი მოქალაქეები-მეთქი”, – განაცხადა მან.
ადვოკატის შეკითხვაზე: გქონიათ თუ არა ოდესმე საუბარი ან კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ტიპის ძალადობრივი ქმედება უნდა განხორციელებულიყო ან მოგიწოდებიათ თუ არა ძალადობით რაიმე ცვლილებების მოთხოვნა?
ბურჭულაძე პასუხობს: ბატონებო… როგორ გითხრათ… ჩვენ წარვადგინეთ დეკლარაცია, რომ „ოცნება” არ უნდა იყოს ხელისუფლებაში… იმიტომ, რომ ის ძალადობს ხალხზე… როგორ შეიძლება ძალადობას ძალადობით უპასუხო? არავითარი მსგავსი საუბარი არ ყოფილა.
პროცესზე მან ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ გამოძიებამ, ბრალდების მხარემ მის საჯარო გამოსვლებში რაიმე კანონსაწინააღმდეგო დაინახა, რატომ არ დაინტერესდა ამ საკითხით მანამდე, ვიდრე 4 ოქტომბერი დადგებოდა:
„თუ ჩემს განცხადებაში – „მშვიდობიანი დამხობა“ ამოიცნო ბატონმა პროკურორმა, ამოიცნეს ძალადობა, რა უშლიდათ, რომ დავეკავებინე? თუ ხაბეიშვილი დააკავეს იმიტომ, რომ რაღაც მომავალში, სადღაც, რომელიღაც დროში ვიღაცას რაღაცას დაჰპირდა… დავეკავებინე მე უფრო ადრე. რატომ მიიყვანეს ამ ძალადობამდე საქმე, თუ მართლა ძალადობა იყო ამაში?”, – აღნიშნა მან.