პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგში განსახილველი საკითხების სიაშია ინსპექტორის შესახებ უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონპროექტი. სხდომას ესწრებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სახალხო დამცველის მოადგილე.
სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სამსახურის საქმიანობას დადებითად აფასებდა ყველა აქტორი და გაუქმებაზე გადაწყვეტილება გაუგებარია.
„ამ სამსახურმა 2019 წლის 1 ნოემბრის შემდეგ შეუძლებელი შეძლო. ამ სამსახურზე ცუდის მთქმელი არ მინახავს. მათი საქმიანობა სანიმუშო იყო. წარმოიდგინეთ შაბათს საღამოს ჩემი და ჩემი კოლეგების გაკვირვება, როდესაც ვიგებთ, რომ ასეთი სანიმუშო სამსახური უქმდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები, რომ ეს სამსახური რაღაცას ვერ აკეთებდა და ამის მერე, როცა 4 დღეში იგეგმება ამნაირი სამსახურის გარდაქმნა და დამოუკიდებელი, 6 წლის ვადით დანიშნული ადამიანის გათავისუფლება, სრულიად დაუშვებელია. მე ამ პარლამენტის ისტორიაში ბევრი გადაწყვეტილება არ მომწონებია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სანიმუშოდ ჩაიწერება ამ პარლამენტის ისტორიაში.“ – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
მისი თქმით, დამოუკიდებელი ინსტიტუტის 4-5 დღეში გაუქმება მიუღებელია.
„ბატონი გაგა ბრძანდება კონსტიტუციონალისტი, ძალიან კარგი და გამორჩეული. ძალიან კარგად იცის კონსტიტუციური სამართლის სტანდარტები. გამიხარდება, თუ ამ პარლამენტში ან მსოფლიოში მეტყვის მაგალითს, სადაც დამოუკიდებელი ინსტიტუტი 4-5 დღეში მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმებულა. მსოფლიოში არ არსებობ ასეთი მოდელი.“ – თქვა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, სამსახურის გაუქმებაზე მოყვანილი მიზეზები თითიდან გამოწოვილია და ამ გადაწყვეტილებას არანაირი დასაბუთება არ აქვს.
„ბატონმა რატიმ ერთ კითხვას ვერ გასცა პასუხი, რომელიც შინაარსობრივად იტყოდა, რა არის ამ კანონპროექტის მიღების შანსი. თუკი აირჩია პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორი, რატომ არ შეიძლება, მან გააგრძელოს ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელობა. რატომ არ უნდა იყოს ერთ-ერთი მიმართულებით ხელმძღვანელი ვადის ამოწურვამდე ? არანაირი ლოგიკა არ დევს ამაში. ამ გადაწყვეტილებით ისტორიაში შეხვალთ, მაგრამ ეს ისტორიის კარგი მხარე არ იქნება. დანანებით ვამბობ ამას, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, თქვენ ჩემი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენთ; იმ ქვეყნის, რომელიც ძალიან მიყვარს. ძალიან მრცხვენია იმ სამი ადამიანის, რომელსაც დღე და ღამე აქვს გატარებული სამსახურში და ახლა ვისმენთ, რომ ეს სამსახური უნდა გაუქმდეს.“ – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ კომიტეტის სხდომაზე.
————————–
„ქართული ოცნებამ” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
საქართველოში მომუშავე სამოქალაქო სექტორი კანონპროექტს კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილ თავდასხმად, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევად აფასებს.
„კანონპროექტის აბსოლუტურად დახურულად მომზადება, ისე რომ მის შემუშავების პროცესში ჩართულები არ იყვნენ არც უშუალოდ სამსახურის წარმომადგენლები, არც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და არც სხვა დაინტერესებული მხარეები, უკიდურესად პრობლემურია და წარმოადგენს საკანონმდებლო თვითნებობას. ამავდროულად, კანონპროექტის განხილვის დაჩქარებული წესით ინიცირება ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიზანი არა საკითხის ირგვლივ სიღრმისეული პროფესიული მსჯელობაა, არამედ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე გავლენის მოპოვებაა”, – წერია NGO-ების განცხადებაში.