ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

პუბლიკა

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს შეხვდა, – ამის შესახებ ცნობას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები.

პრესრელიზში აღნიშნილია, რომ რუსულმა მხარემ დაადასტურა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციით დაინტერესება, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის ავიარეისების აღდგენის კუთხით.

„საქართველოში მიმდინარე ვითარების განხილვისას ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ იქ განვითარებულ მოვლენებს მოსკოვში ამ ქვეყნის შიდა საქმედ აფასებენ. რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევისგან პრინციპულად იკავებს თავს. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“, – ვკითხულობთ რუსეთის საგარეო  საქმეთა სამნისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში 3 დეკემბერს შვილთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად გაემგზავრა.

მის მოსკოვში ვიზიტს უარყოფითი შეფასება მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ აცხადებს, რომ მათთვის, როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობისთვის წითელი ხაზია ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან კოლაბორაცია.

ნინო ბურჯანაძე  სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას უჭერს მხარს. ის გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრებს აქტიურად ესწრება და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საპროტესტო აქციებში მონაწილეობს.