იურისტი, „ღია საზოგადოების ფონდის” წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება” ეუთო/ოდირს პოლიტპატიმრების საქმეებზე მონიტორინგისთვის საჭირო თანხმობას არ აძლევს.
ბურჯანაძის თქმით, ეს ინფორმაცია მათ თავად ეუთოსგან მიიღეს.
პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე მონიტორინგისთვის ეუთო/ოდირი საქართველოში სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის 10 დეკემბერს მოიწვია.
გიორგი ბურჯანაძე განმარტავს, რომ ოდირის მეთოდოლოგიით, პროცესებზე მისია სასამართლომ უნდა დაუშვას – საჭიროა სწორედ სასამართლოს თანხმობა. თუმცა, თანხმობა ამ დრომდე გაცემული არ არის.
„ოდირი მზადყოფნას გამოხატავს, საჭირო თანხმობის შემდეგ განახორციელოს პოლიტიკური პატიმრების პროცესების მონიტორინგი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესების დახურვის შემდეგ.
2013 წელს „ოცნებამ” თვითონ მოიწვია ეუთო/ოდირი პროცესების მონიტორინგისთვის და საინტერესოა, თუ მაშინ არ ჰქონდათ რამე დასამალი, დღეს რა აქვთ?”. – წერს გიორგი ბურჯანაძე.