ბურჯანაძე: რუსული კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს დააზარალებს

პუბლიკა

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, გიორგი ბურჯანაძემ ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომლებსაც რუსული კანონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ და ქართულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში მყოფ ადამიანებს უქმნის.

ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოში არაერთი ორგანიზაცია მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის დოკუმენტირებისთვის და იქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც შემოსავალს ორგანიზაციიდან იღებენ, კანონის მოქმედების შედეგად კი მათი სახელები და გვარები გასაჯაროვდება, რამაც, შესაძლოა, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

„იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელიც ამ [რუსული] კანონის შესაბამისად იქნა მიღებული, საუბრობს დეტალებზე, რომლებიც უნდა გამოქვეყნდეს. ეს არის, მოკლედ რომ ვთქვათ, ორგანიზაციის მიერ მიღებული ყველა შემოსავალი და ორგანიზაციის მიერ გადახდილი ყველა გადასახადი. ორგანიზაცია თუ ვინმეს ქირაობს, ხელფასს უხდის, ვინმესგან სერვისს იღებს, ეს ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს და გამოქვეყნდეს.

საქართველოში არაერთი ორგანიზაცია მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის დოკუმენტირებისთვის. იქ არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელფასს, ჰონორარს უხდიან. ისინი არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და ეს კანონი ითვალისწინებს იმას, რომ უნდა მოხდეს ამ ადამიანების სახელების და გვარების გასაჯაროება.

ზოგჯერ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქმიანობას პროფესიული კონფიდენციალურობა სჭირდება. იმიტომ, რომ მაგალითად, საშიშ ადგილებში მყოფი პირების სახელები და გვარები არ გახდეს ცნობილი. არ გახდეს ცნობილი, თუ რა ტიპის ინფორმაციის დოკუმენტირებას ახდენენ, რათა შემდგომ მოხდეს ამ ინფორმაციის გამოყენება თვით საქართველოს სახელმწიფოს მიერ, ბუნებრივია, ეს ინფორმაცია ამ რეესტრით, ამ მოწესრიგებით, შეიძლება გასაჯაროვდეს და იმ ადამიანების, ორგანიზაციების იმ წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა. რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი ზიანი“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვას დღეს, 29 აგვისტოს 11:00 საათზე დაიწყო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკითხს 29-31 აგვისტოს, სრული შემადგენლობით, განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილავს.

სარჩელებში მითითებულია, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოთხოვნილია მისი გაუქმება. 

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს მოსარჩელეთა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის მოქმედება უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. 

29-31 აგვისტოს სხდომებზე მოსამართლეები ორ საკითხზე იმსჯელებენ:

1) ცნონ თუ არა სარჩელი დასაშვებად;

2) არსებითი განხილვის გარეშე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩერონ თუ არა ნორმების  მოქმედება, რომელიც 2 სექტემბრიდან ამოქმედდება.

საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის, ოპოზიციონერი დეპუტატების და მედიების: „მთის ამბებისა” და „სტუდია მონიტორის“ სარჩელებს.

ზემოაღნიშნული ყველა სარჩელი სასამართლოში გაერთიანდა და მათი განხილვაც ერთ საქმედ მოხდება.