ბურჯანაძე: შერჩეული კანდიდატებიდან მე მხოლოდ ერთს დავუჭირე მხარი

პუბლიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე სამ-სამი კანდიდატი შეარჩიეს.

შერჩეული კანდიდატებიდან პრემიერი პარლამენტს ასარჩევად თითოეულ თანამდებობაზე ორ-ორ კანდიდატს წარუდგენს.

საკონკურსო კომისიის წევრი იყო ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე. გიორგი ბურჯანაძე, კანდიდატებზე კომისიის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„შერჩეული კანდიდატებიდან მე მხოლოდ 1-ს დავუჭირე მხარი. დანარჩენი კანდიდატების მიმართ კომპეტენციის ან დამოუკიდებლობის პრობლემას ვხედავდი. ერთის გარდა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გაბედა გაეკრიტიკებინა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება.“ – წერს გიორგი ბურჯანაძე.

საკონკურსო კომისიებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე – ელენე ალავერდაშვილი, ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე; ხოლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე – კახა მაღრაძე, ლელა ჯანაშვილი, თამარ ალფაიძე შეარჩიეს.

კარლო კაციტაძე და ემზარ გაგნიძე მოქმედი პროკურორები არიან. დეკლარაციის მიხედვით, კაციტაძე გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს.