ბურჯანაძესთან ქმნით პარტიას და მერე კიდევ ვიღაცებს იხსენებთ, პოზნერს, გავრილოვს - კობახიძე

პუბლიკა

„ამ ადამიანებს ჰქონდათ მუდმივად რიტორიკა, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებდათ და დღეს შექმნეს კოალიცია ბურჯანაძესთან ერთად“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, როდესაც მას ჰკითხეს, რატომ არ შემოუშვა საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი მაშინ, როცა ქვეყანაში თავისუფლად შემოვიდნენ რუსი პროსახელისუფლებო ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და რუსი პოლიტიკოსი სერგეი გავრილოვი.

„ერთ რამეს გეტყვით რუსულ თემასთან დაკავშირებით, ამ ადამიანებს ჰქონდათ მუდმივად რიტორიკა, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებდათ და დღეს შექმნეს კოალიცია ბურჯანაძესთან ერთად. თქვენმა პარტიამ შექმნა კოალიცია ბურჯანაძესთან ერთად, „ნაცმოძრაობას“ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. „მთავარის“, „ფორმულას“, „TV პირველის“ პოლიტიკურ პარტიას ვგულისხმობ. ბურჯანაძესთან ერთად როცა ქმნით პარტიას და მერე კიდევ ვიღაცებს იხსენებთ – პოზნერს, გავრილოვს და ა.შ. საკუთარ თავსა და გულებში ჩაიხედეთ. თქვენი პარტია ღიად გაურიგდა… ბურჯანაძეზე იღებთ პასუხისმგებლობას? მაგით დამთავრებულია თქვენი რიტორიკა, რომ გაჟრიალებდათ ყველაფერ რუსულზე“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე დასძინა, რომ თვითონ ამ საკითხზე ვერაფერს იტყვის და ეს შესაბამისი უწყებების მიერ პასუხგასაცემი კითხვაა.


27 ოქტომბერს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს უკრაინელ ჟურნალისტს, დიმიტრი გორდონს და მის მეუღლეს, ალისია ბაცმანს. საქართველოში არ შემოუშვეს არც უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი. შს სამინისტროს ამ დრომდე არ უთქვამს, რატომ ეთქვათ უარი უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაზე.