ბურთი ხელისუფლების მხარესაა, თუ რურუას არ გაათავისუფლებენ, ცვლილებებს მხარს აღარ დავუჭერთ - ბაქრაძე

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ წევრის და პარლამენტის დეპუტატის დავით ბაქრაძის თქმით, არსებობდა საფრთხე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები დღესაც ჩავარდნილიყო. საპარლამენტო უმცირესობამ კენჭისყრაში მონაწილეობა ამიტომ მიიღო. თუმცა, ბაქრაძის თქმით, თუკი ხელისუფლება გიორგი რურუას არ გაათავისუფლებს, მეორე და მესამე მოსმენაზე „ევროპული საქართველო“ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას მხარს აღარ დაუჭერს.

„დღევანდელი განხილვებიდან და გამოსვლებიდან ჩანდა, რომ არსებობდა ძალიან მაღალი საფრთხე, პროცესები წასულიყო ნოემბრის სცენარით, როდესაც „ოცნების“ ლიდერები გვარწმუნებდნენ, რომ ხმები იყო და სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ პროპორციული სისტემა ჩავარდა.

ამიტომ, მიგვაჩნია, რომ „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერას და 20 ხმას დღეს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა  ამ დარბაზში სწორი კლიმატის შექმნისა და პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთვის. ამავე დროს, ჩვენი პოზიცია არის სრულიად მკაფიო, ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ არ დავუჭერთ მხარს მეორე და მესამე მოსმენით ამ კანონპროექტს, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებას, არ გაათავისუფლებს გიორგი რურუას და ამით მთლიანად 8 მარტის შეთანხმებას არ შეასრულებს.

ბურთი არის ხელისუფლების მხარეს. ჩვენ დღევანდელი კენჭისყრით უზრუნველვყავით, რომ პროცესი დაიწყო და გაგრძელდა. ახლა არის ხელისუფლების გადასაწყვეტი, თუ ისინი 8 მარტის შეთანხმებას შეასრულებენ, ჩვენ მზად ვიქნებით მხარი დავუჭიროთ მეორე, მესამე მოსმენით, თუ არა შედეგებზე პასუხისმგებელი მთლიანად „ქართული ოცნება“ იქნება“, – განაცხადა ბაქრაძემ.

საქართველოს პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ახალი ცვლილებებით საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.