ბურთი პარლამენტის მოედანზეა - დეგნანი მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებაზე

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნასა და სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა საერთაშორისო დონორები ეხმარებოდნენ საქართველოს სწორედ ამისთვის, რომ გამოსწორებულიყო სასამართლო სისტემა და ამას ვაკეთებთ უკვე 25 წლის განმავლობაში. ეს კეთდება იმის გამო, რომ კანონის უზენაესობა და ძლიერი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში წევრობისთვის.

საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, ასევე, შეთანხმდნენ სასამართლო სისტემის რეფორმირების ამბიციურ გეგმაზე, ფართო, ინკლუზიური, მულტიპარტიული პროცესის გზით. 19 აპრილის შეთანხმება არის ერთგვარი რუკა ამის გასაკეთებლად, მათ შორის, ეს გულისხმობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერებას იქამდე, სანამ არ იქნება მსგავსი ფართო და ინკლუზიური მსჯელობა და კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სასამართლო სისტემა. ამ მიმართულებით შემიძლია მხოლოდ იმედი გამოვთქვა, რომ დებატები, კონსულტაციები სამუშაო ჯგუფებში გაიმართება, რაც შეიძლება სწრაფად ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა კანდიდატთა სია, თუმცა ახლა სრულად პარლამენტზეა დამოკიდებული მათი დანიშვნა, თუ რამდენად შეასრულებენ 19 აპრილის შეთანხმებას, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი, რომ უნდა მოხდეს ფართო, ინკლუზიური, მრავალპარტიული მსჯელობა ამ საკითხზე.

სწორედ ამაზე შეთანხმდნენ პოლიტიკური პარტიები და ამაზე მოაწერეს ხელი. ეს საკითხები კონსულტაციებისა და თანამშრომლობის გარეშე ვერ გადაწყდება. სწორედ ამას ელოდება საზოგადოება. ბურთი ახლა პარლამენტის მოედანზეა. პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი“, – განაცხადა დეგნანმა.


28 ივნისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უზენაეს სასამართლოში დასანიშნი 9 კანდიდატის სია დარეგისტრირდა. საკითხი საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტებზე და პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ და კანდიდატებს უმაღლეს ინსტანციაში დასანიშნად უყარონ კენჭი.

გასულ კვირას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ შეჩერდება და საქართველოს პარლამენტი კანდიდატებს კენჭს უყრის.


რეფორმის მიღებამდე დანიშვნების პროცესის გაგრძელებას ოპოზიცია, იურისტები, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო პარტნიორები შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევად აფასებენ. ისინი მოუწოდებენ პარლამენტს, რეფორმის შემუშავებამდე შეწყდეს დანიშვნების პროცესი.


რა წერია სასამართლო სისტემის რეფორმაზე შარლ მიშელის დოკუმენტში

ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით:

  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებში მიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:
    ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით;
    ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;
    გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს;
    დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.
  • ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალეობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიც გაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათი რეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული.

  • რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების შემდეგ, საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს; ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გაჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის შემდეგნაირ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:

1. პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.

2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.

3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.

  • პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმა ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განხორციელების პროცესში გამოყენებული იქნება საერთაშორისო ექსპერტების რჩევები და დახმარება, განსაკუთრებით დასანიშნი მოსამართლეების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

ვადები:

1. ამ შეთანხმების განხორციელებისა და შემდგომი რეფორმების შესახებ დისკუსია იწყება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე.

2. პროექტი შედგენილია და 1 ივლისამდე იგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად.

3. პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე ჩატარდება.

4. პარლამენტი სწრაფად დაამტკიცებს რეფორმებს, არა უგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა.