დღეს, 3 დეკემბერს თბილისში, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქტივისტებმა ბუშტები მიიტანეს და აქცია-პერფორმანსით ბათუმის აქციებზე დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მათ ბუშტების ნაწილი შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირს დაამაგრეს, ნაწილი კი ჰაერში გაუშვეს.
„ბათუმში დაარბიეს ჩვენი ბიჭები; აქ მიიღებთ ბუშტებს, ყველა ქალაქში მიიღებთ ბუშტებს; ამ ბუშტებით დამთავრდებით, ბატონო ბიძინა. „ქართულ ოცნებას“ გაყალბებული არჩევნები არ შერჩება. აქ მოვედით ბათუმის აქციის სოლიდარობის ნიშნად“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ბუშტები მიიტანეს და გაუშვეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბათუმში მიმდინარე აქციებს.
„ამ ხელისუფლებამ შეზღუდვებს დაამატა კიდევ ერთი შეზღუდვა და საზოგადოებას ეუბნება, რომ ბუშტების გაშვება არის დასჯადი. ერთპარტიული პარლამენტით იმდენად ხიბლში არიან ჩავარდნილი, რომ ბოლომდე დიქტატურა უნდათ დაამყარონ. ეს არის იმის მესიჯი, რომ ვერანაირ დიქტატურას ვერ დაამყარებენ. ვისაც ბუშტის გაშვება მოუნდება, ბუშტებს გაუშვებს, ხელისუფლების გაშვება როცა მოუნდებათ, ხელისუფლებას გაუშვებენ. როგორც ბუშტებს გავუშვებთ, ასე გავუშვებთ ამ მთავრობას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი მუმლაძემ.