იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 წელს ზემოთ მოსახლეობას, აცრის მეორე დოზის მიღებიდან 6 თვეში შეუძლია ბუსტერ დოზით აიცრას. ამის შესახებ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, გაკეთდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, 60 წელს ზემოთ მოსახლეობას, რომლებიც აცრილი არიან „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ ბუსტერდოზის მიღება შეუძლიათ აცრის მეორე დოზიდან 3 თვეში.
გამყრელიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ჯგუფის გადაწყვეტილებას.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინით შეუძლია, გამოიყენოს „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინა “ბუსტერ” დოზისთვის ან გაიკეთოს „ფაიზერის“ დოზა.
„ასტრაზენეკას“ შემთხვევაში 6 თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს „ფაიზერის“ დოზით „ბუსტერ“ დოზა.
რაც შეეხება „ფაიზერის“ დოზით ვაქცინირებულ პირებს, მათთვის, რეკომენდებულია მეორე აცრიდან 6 თვეში „ფაიზერის“ დოზის გამოყენება.
„არის ერთი დაზუსტება, რომელიც ითვალისწინებს 60 წლის ზემოთ პირებში, რომლებიც აცრილები არიან „სინოფარმით“ და „სინოვაკით“, “ბუსტერ” დოზის გამოყენების შესაძლებლობას არა 6 თვის შემდეგ, არამედ 3 თვიდან 6 თვის ინტერვალში მეორე აცრიდან”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.