დღეს, 24 ოქტომბერს, ჩხრეკა იყო ეთო ბუზიაშვილის სახლში, რომელიც Atlantic Council-ის მკვლევარია. „ფორმულასთან“ ბუზიაშვილი ამბობს, რომ არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის საშუალება, სახლიდან წაიღეს ტექნიკა.
მისი თქმით, ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებმა არ უთხრეს რომელი უწყებიდან იყვნენ და განაცხადეს, რომ გაზის შესამოწმებლად იყვნენ მისულები. არსებული ინფორმაციით, ჩხრეკა ტარდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გამოძიება კი სამი მუხლით მიმდინარეობს – ფულის გათეთრება, თაღლითობა და გადასახადების თავის არიდება.
„დაახლოებით დილის 8 საათზე მოვიდნენ, არ მითხრეს, რომ ფინანსური პოლიციიდან იყვნენ, თქვეს, რომ გაზის შემოწმების სამსახურიდან იყვნენ, რაღაცის გაჟონვა იყო პრობლემა. შემოვარდა დაახლოებით 6 ადამიანი, დაიწყეს პირდაპირ ჩხრეკა, ჩამომართვეს ტელეფონი, არ მომცეს ადვოკატთან დარეკვის საშუალება. აინტერესებდათ კონკრეტულად დოკუმენტაცია და ტექნიკა, ეს იყო მათი მოტივი. და დაიწყო ჩხრეკა, დაახლოებით ორი საათით მიმდინარეობდა, დანარჩენი ორი საათი ოქმი დგებოდა… გამოკითხვაზე ვარ დაბარებული, ერთადერთი ახსენეს, რომ აინტერესებთ ჩემი ორგანიზაცია, რომელიც არის ატლანტიკური საბჭო, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩვენ დეტალურად ვიკვლევთ რუსეთის საინფორმაციო ოპერაციებს, ეს ახსენეს“, – თქვა ბუზიაშვილმა.
დღეს თბილისსა და ქუთაისში ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა. გაჩხრიკეს „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლის, სოფო გელავას სახლი, წაიღეს მისი, მისი ქმრის, პარტია „ფედერალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ნონიაშვილისა და არასრულწლოვანი შვილის ლეპტოპები, ასევე ტელეფონები. ჩხრეკა იყო კომპანია Concentrix-ის ოფისში. სოციალურ ქსელში მოქალაქე ონისე ცხადაძემ დაწერა, რომ გაჩხრიკეს მისი და მისი ძმის სახლი. ქუთაისში გაჩხრიკეს მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლი, მისი თქმით, მასთან ქოლცენტრები ახსენეს.