სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 560 645 083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი აღირიცხა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯანდაცვიs სამინისტროს განმარტებით, მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ 2017 წლის ივლისიდან მკვეთრად შემცირდა ბენეფიციართა მომართვიანობა. ასევე პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო სოფოსბუვირი (სოვალდი), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით, ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან (ინტერფერონი და რიბავირინი) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − ჰარვონით, რომლის მიხედვით შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები და აღნიშნულმა მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების (სოფოსბუვირი, ინტერფერონი და რიბავირინი) მოხმარება. ასევე, სააგენტოს განმარტებით, არსებობს მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან გარდაცვალების ფაქტები.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ათასობით ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული, ამ დროს ვიგებთ, რომ კომპანია „გილეადისა” და შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ნაჩუქარ 560 მლნ ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე” 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 6.4 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წლისთვის დაგეგმილი 11 მლნ-დან პირველ 9 თვეში მხოლოდ 4.3 მლნ ჰქონდა ათვისებული, ნათელი გახდება, რომ სახელმწიფოს შეეძლო, ეს ფინანსური ბარიერი თავიდანვე მთლიანად მოეხსნა და პირველივე დღიდან მეტ ინფიცირებულს დაეწყო მკურნალობა. ახლა გამოდის, რომ ბიუჯეტში 5 ან 10 მლნ ლარის დაზოგვით თუ არდახარჯვით 500 მლნ ლარის წამალი უნდა გადაიყაროს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მეორე მიზეზი გაუმართავი მენეჯმენტია.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მისთვის 2019 წლის ოქტომბერში გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობა დაიწყო დაახლოებით 60 000-მა, ხოლო მკურნალობა დაასრულა 55 000-მა პირმა.
ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ უნდა ისაუბროს და საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს.