მომავალი ჰეპატიტის გარეშე! – დღეს ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. NCDC-ის ცნობით, ჰეპატიტის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ შვიდ გლობალურ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დღეებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 2020 წელს უკვე მეათეჯერ აღინიშნება. ამ დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით – ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ.
როგორ სრულდება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2015 წელს ამოქმედდა.
2020 წლის ივლისის მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით, C ჰეპატიტის სკრინინგის ელექტრონულ მოდულში რეგისტრირებულია 4 მილიონზე მეტი სკრინინგი, მათ შორის, ტესტირებულ პირთა რაოდენობა 2.3 მილიონს უახლოვდება, დადებითობის მაჩვენებელი 6.8%-ია. C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარებული აქვს მოზრდილი მოსახლეობის თითქმის 70%-ს (გამოკვლეულია 2 მილიონამდე მოზრდილი).
ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროგრამის დაწყებიდან (2015 წლის აპრილი) 2020 წლის 1 ივლისამდე 70 ათასზე მეტი პაციენტი ჩაერთო მკურნალობის პროგრამაში. განკურნების მაჩვენებელმა შეადგინა 98.8%.
NCDC-ის ცნობით, მკურნალობა დაასრულა 65 ათასზე მეტმა პირმა (შესრულდა სამიზნე მაჩვენებლის 51%);
როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნულ სტრატეგიაშია აღნიშნული, საქართველო 2020 წლის მიზნად ისახავდა შემდეგს:
► C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის გამოკვლევა;
► C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმის მქონეთა 95%-ის მკურნალობა;
► მკურნალობის შედეგად 95%-ის განკურნება.
2015 წელს ჩატარებული კვლევით, საქართველოში 150 000 პაციენტს აღენიშნება ქრონიკული C ჰეპატიტი. ელიმინაციის მიზნის მისაღწევად საჭირო იქნება დაახლოებით 135 000 პაციენტის დიაგნოსტირება, 128 000 პაციენტის მკურნალობა და 122 000-ის განკურნება.
როგორც ივნისში ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, C ჰეპატიტის ელიმინაციის სამიზნეების დაზუსტებაზე მუშაობა განახლდება ამერიკულ კომპანია „გილეადთან”.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საფუძველი დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის მომდევნო პერიოდის განმავლობაში და ელიმინაციის სამიზნეების დაზუსტებაზე მუშაობა განახლდება „გილეადთან“, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა“, – განაცხადა გაბუნიამ.
რისკჯგუფის მკურნალობაში ჩართვა:
2020 წლის მიმოხილვაში მოცემულია ცხრილი სხვადასხვა რისკჯგუფში მყოფი პირების მკურნალობაში ჩართვასთან დაკავშირებით: