ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია „პუბლიკას“ საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.

ჯაღმაიძის ცნობით, მიტროპოლიტს ვირუსი უსიმპტომოდ აქვს. საპატრიარქოს პრესპიკერმა განმარტება სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.

„დღეს ბევრი ჟურნალისტი ინტერესდებოდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ, სტეფანეს კორონა ვირუსით დაინფიცირების გამო. როგორც თავად მეუფემ მაცნობა, მასთან წინა კვირას ინტერვიუზე იმყოფებოდა ჟურნალისტი, რომელსაც მეორე დღეს დაუდასტურდა ვირუსი. ამის მეშემდეგ, სიფრთხილის გამო, მეუფე კონტაქტებისაგან თავს იკავებდა და იყო ფაქტიურად თვითიზოლაციაში. მომდევნო დღეებში მან ჩაიტარა ტესტირება და დადასტურების შემდეგ, როგორც რეკომენდირებულია, იმყოფება იზოლაციაში, საკუთარ რეზიდენციაში. დღეისათვის ავადმყოფობის სიმპტომები არ ვლინდება. მეუფეს მსახურება არ შეუსრულებია გასულ კვირას, ასე რომ ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ მეუფის გარემოცვაში, ამ შემთხვევას გავრცელება მოჰყვეს, “- წერს ის.

მიტროპოლიტი სტეფანე ერთ-ერთი იყო იმ მღვდელმსახურებიდან, რომელიც კორონავირუსის გამო წირვისა და ზიარების წესის შეცვლას ეწინააღმდეგებოდა. მას ღვთისმსახურება არც მუნიციპალიტეტში მკაცრი შეზღუდვების დაწესების შემდეგ შეუწყვეტია.

„ზიარებასთან დაკავშირებით ახალი გარემოება არასოდეს არ იქნება. სახლში დაჯდეს მრევლი და ტელევიზორში უყუროს [სააღდგომო წირვას], ეს ზღაპარია“, – ამბობდა მიტროპოლიტი პირველ აპრილს, როცა ფაქობრივად სრული კარანტინის პერიოდში სააღდგომო ლიტურგიის წესის შეცვლაზე იყო მსჯელობა.

დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 7 რაჭა-ლეჩხუმში. StopCov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა კიდევ 14 კოვიდპაციენტი და გამოჯანმრთელდა 603 ადამიანი.