ცაგერში შვილზე მოძალადე მამას ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესეს - შსს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, ცაგერის მუნიციპალიტეტში შვილზე მოძალადე მამას ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესეს.

მათივე ინფორმაციით, 1948 წელს დაბადებული ზ.გ., ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2020 წლის 22 დეკემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტში, ოჯახური კონფლიქტის დროს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვილს – 1994 წელს დაბადებულ გ.გ.-ს ნაჯახით ხელზე დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ექიმებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

დაკავებულ ზ.გ.-ს, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, ცაგერის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა – 4 000 ლარის ოდენობით და იმავე დღეს მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ასევე, მოძალადის მიერ განმეორებით ძალადობის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზ.გ.-ის მიმართ, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებაზე“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.