ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას.
„16 წლის წინ ამ დღეს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო და მისი შედეგები დღემდე იგრძნობა. ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და გააგრძელებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – წერს ის პლატფორმა X-ზე.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.
2021 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდება დააკმაყოფილა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო.
სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთს დარღვევა 6 მუხლში – სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა. ასევე დაადგინა გადაადგილების თავისუფლების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევაც.