ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი უნდა დაიწყოს – ის მიუთითებს, რომ საკითხი უახლოეს მომავალში შეიძლება არ გადაწყდეს, მაგრამ „მკაფიო გზავნილისთვის“ აუცილებელია მისი დაწყება.
„საქართველოში არ არის კარგი ვითარება, ევროპას მეტი შეუძლია და ერთი საკითხი, რასაც ესტონეთი სთავაზობს, არის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის დაწყება – არ ვამბობ, რომ ეს ხვალ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ, რათა გვქონდეს ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოს ხელმძღვანელობს, ატყუებს საკუთარ ხალხს და მათ უნდა შეცვალონ კურსი”, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
დეკემბრის ბოლოს ევროკომისიამ წარადგინა წინადადება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. წინადადებაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საბჭო მას დაამტკიცებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს მოუწევთ ვიზის აღება ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის – 90 დღემდე, ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.
წინადადების თანახმად, გაუქმდება ისეთი შეღავათებიც როგორებიცაა, ხანმოკლე სააპლიკაციო დრო, მცირე სავიზო გადასახადები და მოთხოვნები შედარებით მცირე დოკუმენტების წარდგენის შესახებ.
მათი ცნობით, ამ გადაწყვეტილებას არ ექნება უარყოფითი გავლენა ხალხთა შორის ურთიერთობებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ პასპორტებს, გააგრძელებენ უვიზოდ სარგებლობას ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტების დროს.
ექსპერტების განმარტებით, დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შემთხვევაში, ოფიციალური პირები ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩვეულებრივი პასპორტებით შეძლებენ ვიზის გარეშე მოგზაურობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იარსებებს სახელობითი სია, რომლის სფუძველზეც კონკრეტულ პირებს დაუწესდებათ შეზღუდვები.