ცალკე სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება არ განიხილება - გახარია

პუბლიკა

კულტურის სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად იქნება ცალკე, რაც შეეხება სპორტის ნაწილს, ის ან დარჩება განათლების სამინისტროში, ან კულტურის სამინისტროსთან ერთად გამოიყოფა. ცალკე სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება არ განიხილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კულტურის სამინისტრო საჭიროა იმისთვის, რომ კულტურა განვითარდეს და, ასევე, კულტურის შემდგომი კომერციალიზაცია მოხდეს.

„ჩვენ ხომ ადამიანები ვართ. შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ ის შეცდომა უნდა გამოასწორო. რეალურად, ამ 2 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით დღეს, როდესაც მართლა რთული ვითარებაა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები მართლაც საჭიროებენ ცალკე ჩამოყალიბებულ სამინისტროს. კიდევ ერთი რამ არის – ჩვენი კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა არის შეუფასებელი და ჩვენ, ყველას, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არის ცალკე სამინისტრო საჭიროა იმისთვის, რომ როგორც კულტურა განვითარდეს, ასევე, კულტურის შემდგომი კომერციალიზაცია მოხდეს. ამას სჭირდება ცალკე მიდგომა, აუცილებელია ეს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენი პასუხისმგებლობა სოციალური სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კულტურის სფეროს წარმომადგენლების წინაშე უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს. მოვუსმინეთ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

რაც შეეხება სპორტს. სპორტზე დღესაც გვქონდა დისკუსია. სპორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არაერთგვაროვანია, დისკუსიის საგანია, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი – მასობრივი სპორტი, რაც არის დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა, ბევრად უფრო ახლოს არის განათლების სამინისტროსთან, იმიტომ რომ მასობრივი სპორტის ძირითადი ფრონტი არის სასკოლო განათლება. მეორე – პროფესიული, მაღალი მაჩვენებლების სპორტზე თუ ვსაუბრობთ, იქ სტრუქტურა ცოტა სხვანაირადაა მოწყობილი და ყველგან არის ფედერაციები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტს უფინანსებს და მათ გადაწყვეტილების მიღებისა და მართვის საკმაოდ დიდი ავტონომიები აქვთ. ამიტომ ცოტა სხვადასხვა სფეროა.

კულტურის სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად იქნება ცალკე, რაც შეეხება სპორტის ნაწილს, ის ან დარჩება განათლების სამინისტროში, ან კულტურის სამინისტროსთან ერთად გამოიყოფა. ცალკე სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება არ განიხილება”, – განაცხადა პრემიერმა.